ოლიგარქის მთავრობამ შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესები დაამტკიცა | ვის აქვს უფლება მართოს წყლის ტრანსპორტი

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის მთავრობამ შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესები დაამტკიცა. კერძოდ, ოცნების ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 26 მარტის ბრძანება ადგენს წესებს, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება.

წესები შეეხება წყლის სატრანსპორტო საშუალებებს, მის მძღოლებს და იმ პირებს, რომლებიც ახორციელებენ საქმიანობას/ნაოსნობას შიდა სახმელეთო წყლებში.

საუბარია ძრავის მქონე ან არათვითმავალ (მათ შორის, აფრიანი) წყლის ტრანსპორტზე, რომელიც გამოიყენება წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ, მგზავრების გადასაყვანად ან/და ტვირთების გადასაზიდად, სპორტული ღონისძიებებისთვის ან/და სხვა მიზნებისთვის. მათ რიცხვში შედის წყლის ველოსიპედები, წყლის სკუტერები და ა.შ, რომელთაც კომერციული მიზნით იყენებენ.

ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვა დასაშვებია, თუ პირს აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის სერტიფიკატი.

14 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს უფლება აქვს მართოს წყლის ველოსიპედი, სკუტერი მართვის სერტიფიკატის გარეშე.

პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას, სატრანსპორტო საშუალების სათანადო კონტროლის უზრუნველსაყოფად, უნდა შეეძლოს ხმოვანი სიგნალების მოსმენა და მკაფიო ხედვა ყველა მიმართულებით.

პირს, რომელსაც გააჩნია სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის სერტიფიკატი, უფლებამოსილია მართოს სატრანსპორტო საშუალება.

კომერციული მიზნით გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა და აწარმოოს სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის ჟურნალი.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლი პასუხისმგებელია სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი ყველა პირის უსაფრთხოებაზე.

უსაფრთხო ნავიგაციისა და სატრანსპორტო საშუალებაზე წესრიგის დაცვის მიზნით, ყველა პირი, რომელიც იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაზე ვალდებულია დაიცვას წესრიგი და დაემორჩილოს პირს, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას.

სამაშველო ჟილეტების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფთა რაოდენობას, ბავშვები კი აღჭურვილი უნდა იყვნენ შესაბამისი ზომის სამაშველო ჟილეტებით.

თუ ნაოსნობისას საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას, სხვა სატრანსპორტო საშულებას, ტვირთს ან გარემოსთვის ზიანის მიყენებას, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან აიცილოს ამგვარი საფრთხე. მაშინაც კი, თუ ეს ეწინააღმდეგება ამ წესების დებულებებს.

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა მის მაქსიმალურ ტვირთამწეობაზე მეტად. დატვირთვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და კორპუსის სიმტკიცე.

სატრანსპორტო საშუალებაზე არ უნდა იმყოფებოდეს იმაზე მეტი მგზავრი, ვიდრე ეს განსაზღვრულია სარეგისტრაციო მოწმობით.

სატრანსპორტო საშუალების სანავიგაციო აღჭურვილობა  უნდა შეესაბამებოდეს სააგენტოს მიერ დადგენილ მოთხოვნებს და უნდა უზრუნველყოფდეს სატრანსპორტო საშუალებაზე მყოფი პირების უსაფრთხოებას, ნაოსნობის უსაფრთხოებას და ამ წესების მოთხოვნების დაცვას.

შიდა სახმელეთო წყლებში, სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ ისეთი სიჩქარით (უსაფრთხო სიჩქარე), რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებებს.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომ დროულად შეძლოს უსაფრთხო ნავიგაციასთან დაკავშირებული ეფექტური ზომების მიღება, მათ შორის, უსაფრთხო მანძილზე გაჩერება, შეჯახების თავიდან აცილება ან სხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის საფრთხის შექმნის არიდება.

ნისლის, ბინდის, თოვლის, კოკისპირული წვიმის და სხვა შეზღუდული ხილვადობის პირობებში აკრძალულია ნაოსნობა. შიდა სახმელეთო წყლებში 2 კმ. და ნაკლები ხილვადობისას, არ არის ნებადართული ნაოსნობა.

სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილი უნდა იყოს სანავიგაციო განათებით სააგენტოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მათი გამოყენება უნდა განხორციელდეს დღე-ღამის ბნელ პერიოდში ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში.

სანავიგაციო განათებები მუდმივად შენარჩუნებული იყოს შესაბამის ტექნიკურ მდგომარეობაში.

აკრძალულია ხმოვანი სიგნალების არამიზნობრივად გამოყენება. 12 მეტრზე მეტი სიგრძის სატრანსპორტო საშუალებას უნდა გააჩნდეს ხმოვანი გამაფრთხილებელი მოწყობილობა – სასტვენი, რომელიც უზრუნველყოფს მოკლე და გრძელ ხმოვან სიგნალებს.

სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც გამოიყენება წყლის ბუქსირებადი გასართობი ობიექტების ბუქსირებისთვის, ვალდებულია აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს:

ა) გასართობი აქტივობის დაწყებამდე ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს,  წყლის ბუქსირებადი გასართობი ობიექტების მგზავრები სამაშველო ჟილეტებით;

ბ) სამაშველო ჟილეტი უნდა იყოს სათანადოდ მორგებული მგზავრზე და თავისუფალი ისეთი საგნებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სამაშველო ჟილეტის დაზიანება დაცემის დროს;

გ) სატრანსპორტო საშუალების საჭის წინ უნდა განთავსდეს მაღალი ხარისხის სარკე, რათა მძღოლს ჰქონდეს სრული და უწყვეტი ვიზუალური გამოსახულება წყლის ბუქსირებად გასართობ ობიექტსა და მგზავრებზე;

დ) დაიცვას სატრანსპორტო  საშუალებების უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ბუქსირებადი გასართობი ობიექტის მძღოლს თან უნდა ახლდეს პირი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს გასართობი აქტივობის პროცესს. ბუქსირებადი გასართობი ობიექტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ დღის განმავლობაში და კარგი ხილვადობის პირობებში.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი