აფხაზეთში დაპატიმრებულ ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ | "ეხო კავკაზა"

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ 2020 წელს დაკავებული და ცხრა წლით თავისუფლებააღკვეთილი საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა 2025 წლის 30 მარტს გათავისუფლდება. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

კიუტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბებუა დაკავების დაწესებულებას ვადამდე დატოვებდა.

"ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს. ეს ფაქტი ალბათ ყველამ იცის. მან  სახელმწიფო დროშა დაწვა, რისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა 9 წლის ვადით. ჯამში მას 4 წელი და 6 თვე მოუწია. 30 მარტს იწურება მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნის ვადა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვიქნებით გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ნაადრევად გაშვებას. ეს ყველაფერი ხდება იმ მუხლის და იმ ვადების შესაბამისად, რაც მას სასამართლომ დაუნიშნა“, - აღნიშნა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტ კიუტმა.

როგორც ადრე ეხო კავკაზა წერდა, აფხაზეთში კოლონიები არ არის, მხოლოდ წინასწარი დაკავების დაწესებულებებია. ამის გამო თავისუფლების აღკვეთის ერთი წელი ორ წლად ითვლება.

თბილისში ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ბებუას გათავისუფლების საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში რამდენჯერმე განიხილებოდა. ირაკლი ბებუას ახლობლები აცხადებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი