მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აქტიური პირის სტატუსით გარდაცვლილები "სარგებლობდნენ" | აუდიტი სოციალური დახმარების არამიზნობრივად გაცემის რისკზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

სოციალური დახმარების არამიზნობრივად გაცემის რისკი - აუდიტის დასკვნით, 4 540 გარდაცვლილი, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები აქტიური პირის სტატუსით სარგებლობდა. 

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ეფექტიანობის აუდიტი 2019-2023 წლებს მოიცავს და მასში ვკითხულობთ: 

"აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ რეესტრში აქტიური სტატუსით დღემდე ირიცხებიან პირები, რომლებიც 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არიან გარდაცვლილები, მოხსნილნი მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციიდან ან შეწყვეტილი აქვთ მოქალაქეობა.

[2023 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით რეესტრში აქტიური სტატუსით ფიქსირდება 4,540 გარდაცვლილი; 49 მოქალაქეობა დაკარგული და 2023 წლის 14 დეკემბრის მდგომარეობით, 213 მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციიდან მოხსნილი პირი] 

ასევე აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში რეესტრში ინფორმაცია აისახება მნიშვნელოვანი დაგვიანებით. აქედან გამომდინარე, მაღალია სოციალური დახმარების არამიზნობრივად გაცემის რისკი.

შერჩეულ კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებებიდან მიღებული ინფორმაციით, სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული შეტყობინებები სტატუსის მქონე პირების გარდაცვალების, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, მუნიციპალიტეტების მხრიდან, ხშირ შემთხვევაში, რჩებოდა რეაგირების გარეშე და აღნიშნული პირებისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანებები არ მიეწოდებოდა სააგენტოს, შესაბამისად არ ხდებოდა რეესტრში ცვლილებების ასახვა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტებში არ არსებობს არანაირი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას.

 მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს განმარტებით, რიგ შემთხვევაში სააგენტოსთვის ინფორმაციის მოწოდება შეფერხებული იყო ტექნიკური ხარვეზების ან სისტემის გაუმართაობის გამო, ხოლო იმ ხარვეზებზე, რომლებიც ძველი წლების საქმეებს უკავშირდება, დაუდგენელია გამომწვევი მიზეზები. ასევე: ზოგიერთ შემთხვევაში რეესტრიდან მიღებულ დავალებაზე მუნიციპალიტეტების მიერ გამოცემული ბრძანებები ვერ გადიოდა ვალიდაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, რაზეც ეცნობებოდა მუნიციპალიტეტს, თუმცა მათი მხრიდან ასეთ შემთხვევებს რეაგირება არ მოჰყოლია." ნათქვამია დოკუმენტში.

მოქმედი კანონმდებლობით, მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეები სარგებლობენ რიგი სოციალური შეღავათებით, მათ შორის, საპენსიო, სოციალურ პაკეტზე დანამატით და სხვ. 

ფიზიკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების და აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მუნიციპალიტეტი აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელიც აწარმოებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრს.

რეესტრის წარმოებისას სააგენტო ვალდებულია:     

უზრუნველყოს მონაცემთა ელექტრონული ბაზების სწორად ფორმირება და უსაფრთხოება; 

სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, დროდადრო, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, შეამოწმოს მონაცემების სისწორე, გამოავლინოს და მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ფიზიკურ პირთა გარდაცვალების, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და რეგისტრაციის ადგილის შეცვლის თაობაზე. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი