"ეკლესია და ჯარი – საყრდენები, რომლებიც ბოროტებას არ აწყობს.
წლების განმავლობაში, ეკლესია და ჯარი ყველაზე რეიტინგულ და ნდობით აღჭურვილ ინსტიტუციებად ითვლებოდა. მიუხედავად სხვადასხვა გამოწვევისა და ადამიანური სისუსტეებისა, ხალხის დამოკიდებულება მათ მიმართ ჯანსაღი და ბუნებრივი რჩებოდა. თუმცა, მავანმა – ხშირად ქვეყნის შიგნით მყოფმა მტრებმა – ვეღარ მოითმინეს ეს ერთგულება და დაიწყეს ამ საყრდენების მიზანმიმართული დემორალიზება.
უკვე ცნობილია, რომ ინსტიტუციურ დონეზე დასუსტებულია სასამართლო, პროკურატურა, განათლება და ჯანდაცვა. მაგრამ ეკლესიაზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებულმა შეტევამ, უდავოდ, უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა. ეს არ არის უბრალოდ ცალკეული პრობლემები – ეს მიზანმიმართული შეტევაა, რომელიც აღშფოთებას იწვევს ყველა იმ ადამიანში, ვისაც ჯერ კიდევ შემორჩა სინდისი და რწმენა.
ახლა ჯერი ჯარზე მიდგა. ამ სისტემას დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რასაც ვითომ კომისიის სახელით ახორციელებენ, არ ემსახურება სიმართლის დადგენას, არამედ – ჯარის დემორალიზებას. ჯარისკაცებს ეუბნებიან: „შენ შეგიძლია იბრძოლო სამშობლოს დასაცავად, მაგრამ შეიძლება მმართველი არასწორ ბრძანებას გაძლევდეს, ამიტომ შენც დამნაშავე იქნები. ჯობია, საერთოდ არ იბრძოლო, მშვიდობაა მთავარი. თუ ძლიერი მტერი მოვა, ჩაბარდი მას.“
რატომ სჭირდება ბოროტებას ამ ორი ინსტიტუციის განადგურება?
ეკლესია ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის დამცველია, რადგან ღმერთი თავად არის სიმართლე და სიწმინდე. ეკლესიის მისიაც ამ სვეტებზე დგას – გაკიცხოს უსამართლობა, დაიცვას უძლურნი და დაამოწმოს სიმართლე. თუმცა, ეკლესიური სამართლიანობა არ არის მხოლოდ იურიდიული ან სოციალური – ის სიყვარულით განმსჭვალული სიმართლეა, რომელიც ადამიანს კი არ სჯის, არამედ გამოსწორებისკენ მოუწოდებს. ჭეშმარიტი სამართლიანობა ქრისტეში სრულდება, რადგან „მართლია და სიმართლით განიკითხავს“ (გამოცხ. 19:11).
ჯარი კი აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად, რადგან, როგორც წმინდა მოციქული პავლე ამბობს, „ხელმწიფენი ღვთის მსახურნი არიან, რომ სიკეთე მოგაგონ“ (რომ. 13:4). მისი მისიაა არა მხოლოდ მშვიდობის უზრუნველყოფა, არამედ სამართლის განმტკიცება, ძალადობის აღკვეთა და უმწეოთა დაცვა. სამხედრო დისციპლინა და ერთგულება ქრისტიანული ცხოვრების მაგალითია, რადგან რწმენაც სულიერი სიმტკიცის, წესრიგისა და პასუხისმგებლობისკენ გვიწვევს. თუმცა, ძალაუფლებას თან სდევს დიდი პასუხისმგებლობაც – ჯარი უნდა ემსახურებოდეს სიკეთეს, სიმართლეს და მშვიდობას, რათა ძალადობა ბოროტებად არ გადაიქცეს, არამედ სამართლიანობის დამცველად დარჩეს.
რა არის გამოსავალი?
როცა ეკლესია და ჯარი დემორალიზებულია, ეს ნიშნავს, რომ ერი ორი მთავარ საყრდენს კარგავს: სულიერ საფუძველს (ეკლესია) და უსაფრთხოების გარანტს (ჯარი). ასეთ ვითარებაში გამოსავალი სულიერ და ზნეობრივ აღორძინებაშია.
ეკლესიის გაძლიერება უპირველეს ყოვლისა მისი მსახურების სიწმინდესა და სიმტკიცეზეა დამოკიდებული. აუცილებელია გაბედული და მართალი სასულიერო პირები, რომლებიც, წმინდა მამების მსგავსად, სიმართლის თქმას არ შეუშინდებიან. თუმცა, ეკლესია მხოლოდ სასულიერო პირები არ არიან — მორწმუნეებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა, მოითხოვონ სიმართლე და მხარი დაუჭირონ მართალთ.
ჯარის აღორძინება ასევე ზნეობრივ და პატრიოტულ სულისკვეთებას მოითხოვს. ჯარისკაცებმა და მეთაურებმა უნდა გაიგონ, რომ სამხედრო ძალაუფლება მათ პირადი კეთილდღეობისთვის კი არა, ხალხისა და სამართლიანობის დასაცავად აქვთ მინიჭებული. ჯარს უნდა ჰქონდეს ეროვნული ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ხედვა და არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური თამაშების ინსტრუმენტად.
ამ პროცესში საზოგადოების როლი გადამწყვეტია. როდესაც ხალხი გულგრილია სულიერი და ეროვნული ღირებულებების მიმართ, ეკლესია და ჯარი უფუნქციო ხდება. თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და რწმენის წინაშე, არ უნდა დაუშვას, რომ ბოროტება ნორმად იქცეს, უნდა დაუჭიროს მხარი პატიოსან ლიდერებს და არ დაემორჩილოს სიმხდალესა და კორუფციას. მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი ეკლესიისა და ჯარის აღორძინება, რაც საზოგადოების სულიერი და ზნეობრივი გაძლიერების საწინდარია.
ბოროტებას სწორედ ის ინსტიტუტები სურს დაასუსტოს, რომლებიც ერის სულიერ და ფიზიკურ მდგრადობას განაპირობებს. ეკლესია და ჯარი ძლიერდება მაშინ, როცა საზოგადოება რწმენასა და სიმართლეს იცავს. დღეს ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკური ან ეკონომიკური არ არის – ეს ბრძოლა სულის, ღირსებისა და ჭეშმარიტების დასაცავად მიმდინარეობს."
- ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა.