"მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა" | Byline Times-ის მასალა ოლიგარქ ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის რუსეთთან კავშირებზე

გამოქვეყნდა:

"მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონისა და ჩელსის გავლით გადიოდა" - ამ სახელწოდებით Byline Times-მა ვრცელი მასალა გამოაქვეყნა, სადაც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, ასევე ტელეკომპანია "იმედის" და "ლიბერთი ბანკის" მფლობელის, ირაკლი რუხაძის რუსეთთან კავშირებზეა საუბარი. 

გამოქვეყნებული მასალა უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის შვილით და მის გარშემო დატრიალებული სკანდალით იწყება. 2010-იან წლებში ცნობილი გახდა, რომ გულნარ კარიმოვას ორგანიზაცია, რომელიც ცნობილია როგორც "ოფისი" ასობით მილიონ დოლარს სძალავდა რუსეთის ყველაზე მსხვილ სატელეფონო პროვაიდერს МТС-ს, უზბეკეთის ბაზარზე წვდომის ნაცვლად.

Byline Times წერს, რომ კორუფციული სკანდალის ფონზე, ინვესტორებმა МТС-ს სასამართლოში უჩივლეს - ერთ-ერთი ინვესტორი ბრიტანული კერძო ჯგუფი Hunnewell Partners იყო (Hunnewell-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი რუხაძეა), რომლის შტაბ-ბინაც კენსინგტონსა და ჩელსიში მდებარეობს. მასალაში ვკითხულობთ, რომ Hunnewell-ი აშშ-ის სასამართლოებში სარჩელებს სათავეში ჩაუდგა, და თქვა, რომ სკანდალის გამო დიდი ზარალი განიცადა.

გამოცემა წერს, რომ Hunnewell Partners, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მაღალჩინოსან მოკავშირეს $1.5 მილიარდზე მეტი ღირებულების კორუფციული სქემის კოლაფსით სარგებლობაში დაეხმარა.

კერძოდ, Byline Times-მა გამოჟონილ კორპორაციულ დოკუმენტებზე, საჯარო ჩანაწერებსა და სასამართლო განხილვებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ლონდონური ფირმა, როგორც ჩანს, სინამდვილეში ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირის, რომან აბრამოვიჩის სახელით მოქმედებდა.

"ამ აღმოჩენებმა არა მხოლოდ ნათელი მოჰფინა ჩელსის საფეხბურთო კლუბის ყოფილი მფლობელის ხანგრძლივ მცდელობებს დაეფარა თავისი ინტერესები დასავლური ხელისუფლებისგან, არამედ კიდევ უფრო მეტად ნათელი მოჰფინა აბრამოვიჩის აშკარა კავშირებს სხვა ავტოკრატიულ პოსტსაბჭოთა რეჟიმთან. Hunnewell-ის დამფუძნებლები საქართველოს პრორუსული მმართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის საკმაოდ ახლო ბიზნესპარტნიორები არიან", - წერს ავტორი. 

გამოცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის პროფესორის, ჰანს გუტბროდის ციტატასაც აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ "Hunnewell Partners პირველ რიგში პოლიტიკური მოთამაშეა საქართველოში. მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ქართულ ეკონომიკაზე. ეს კომპანია მხოლოდ ივანიშვილის ნებართვით შეძლებდა მუშაობას და, თავის მხრივ, პირდაპირ მის ინტერესებზე მუშაობს".

მასალის ავტორი ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც წერს და აღნიშნავს, რომ "უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ივანიშვილის ბრძანებით, მისმა მთავრობამ ბოლო პერიოდში ძალადობრივი დაღმასვლა დაიწყო ავტორიტარიზმისკენ".

"კრიტიკოსები რეგულარულად ადანაშაულებენ Hunnewell-ს საქართველოს უდიდეს სატელევიზიო ქსელზე მისი კონტროლის გამოყენებაში სახელმწიფო პროპაგანდის გასაძლიერებლად, რაც არა მხოლოდ ამართლებს "ქართული ოცნების" მასიურად არაპოპულარულ პრორუსულ რიტორიკას და ტრაექტორიას, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმების ლეგიტიმაციას, თუნდაც მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობას...

Hunnewell-ის მხარდაჭერამ საქართველოს ავტორიტარული ხელისუფლების მიმართ, ახლა ის მზარდი მოწოდებების სამიზნედ გახადა, რომ რუხაძეც და ტელეკომპანია "იმედიც", ისევე როგორც ივანიშვილი და მისი მთავრობის წევრებიც, საერთაშორისო სანქციების სამიზნე იყვნენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ადამიანის უფლებათა კრიზისში მათი სავარაუდო როლის გამო", - წერია მასალაში.

Byline Times-მა ბრიტანელი დეპუტატი ჯეიმს მაკკლირიც ჩაწერა, რომელმაც აღნიშნა: "ძალიან შემაშფოთებელია, რომ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია აქტიურად არის ჩართული საქართველოში ლეგიტიმური ოპოზიციისა და მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძირის გამოთხრაში პრორუსული ტელეკომპანია "იმედის" მეშვეობით".

ამავე თემაზე: 

როგორ იყენებს ირაკლი რუხაძის კომპანია, Hunnewell Partners, საქართველოში არსებულ კრიზისს საკუთარი სარგებლისთვის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი