ე.წ. სასიგნალო იარაღთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება | ოლიგარქის პარლამენტმა კანონპროექტს I მოსმენით მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ე.წ. სასიგნალო იარაღთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება. შესაბამისი კანონპროექტი დღეს ოლიგარქის პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ცვლილები "იარაღის შესახებ კანონში" უნდა შევიდეს. 

კანონპროექტის მიხედვით, სასიგნალო იარაღი, მისი ვაზნების დამზადება და ამ იარაღით ვაჭრობა ლიცენზირებული საქმიანობა იქნება.

ამასთან, ნებართვას დაექვემდებარება შემდეგი საქმიანობები:

ფიზიკური პირის მიერ სასიგნალო იარაღის შეძენა (შენახვისა და ტარების უფლებით); უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა; სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი ან ტრანზიტი; უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ სასიგნალო იარაღისა და ვაზნის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა და საქართველოში გადაადგილება; სასიგნალო იარაღის ან მისი ვაზნის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა; საქართველოს მოქალაქის მიერ სასიგნალო იარაღის ან ვაზნის საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა).

სასიგნალო იარაღთან ან მის ვაზნასთან დაკავშირებულ ლიცენზიებს თავდაცვის სამინისტრო გასცემს, ხოლო ნებართვებს შსს-ს მომსახურების სააგენტო.

ამასთან, სასიგნალო იარაღის შეძენის, მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის მოპოვებისთვის პირი 18 წლის უნდა იყოს. პროექტით, დაუშვებელი იქნება სასიგნალო იარაღის გამოყენება კერძო დაცვით საქმიანობაში.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, სასიგნალო იარაღის ტარების წესიც რეგულირდება. კერძოდ, სასიგნალო იარაღის ტარება დასახლებულ პუნქტში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში, აგრეთვე სასიგნალო იარაღის გადატანა-გადაზიდვა დასაშვები იქნება მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რა დროსაც იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილი, ან იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის გამოყენება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი