"აქციებზე სამართალდამცველთა სისასტიკე ზოგიერთ შემთხვევაში დასჯის მიზნით სავარაუდო წამებას უტოლდება" | ომბუდსმენის ანგარიში

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, 2024 გაზაფხულსა და ზამთარში, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა, დაკავებულთა და ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან ადგილი ჰქონდა სავარაუდო არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო რამდენიმე ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობის სისასტიკის ხარისხი მათი დასჯის მიზნით ჩადენილ სავარაუდო წამებას უთანაბრდება.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სამართალდამცველების მხრიდან არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, არამედ ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების დევნა, ასევე სატელეფონო მუქარაც ფიქსირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის ეპიზოდები არაერთ ვიდეომასალაში დადასტურდა, არცერთი პოლიციელი არ დასჯილა.

"საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია სხვა პოლიციელების უმოქმედობით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებაც. პოლიციელები აქციებზე განლაგებულები იყვნენ გდდ-ს მწკრივის უკან, ხედავდნენ და ესმოდათ რამდენიმე მეტრის დაშორებით მყოფი პირის მხრიდან სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლინება, მათი დავალებით/თხოვნით და მათ თვალწინ აკავებდნენ მოქალაქეებს, დერეფანში ატარებდნენ, მანქანაში სვამდნენ, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ ხედავდა დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. ამის საპირისპიროდ, მსხვერპლების ჩვენებებით, მათ ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ. დაკავებულების ჩვენებებს ადასტურებს სამედიცინო დოკუმენტებში მითითებული დაზიანებების კვალი და მასმედიით გავრცელებულ კადრებში ასახული მოქალაქეებზე სპეცრაზმის მხრიდან განხორციელებული ძალადობის არაერთი ფაქტი. ამდენად, ხსენებული პოლიციელები უმოქმედობით მონაწილეობდნენ არასათანადო მოპყრობაში და არ აღკვეთდნენ დანაშაულს, მიუხედავად იმისა, რომ ევალებოდათ და შეეძლოთ კიდეც აღეკვეთათ.

პოლიციელთა უმოქმედობა იკვეთებოდა ასევე რიგ შემთხვევებში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს კონკრეტულ ნიღბიან პირებზე უთითებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ეს პირები მოქალაქეებს სცემდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. თუმცა ამას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია.

ისევე, როგორც 2024 წლის გაზაფხულის აქციების გამოძიების პროცესში, შემოდგო-მაზამთრის აქციების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესშიც, აუცილებელია გამოძიებამ დაადგინოს საპროტესტო აქციის დაშლის მთლიანი სურათი, გადაწყვეტილების მიმღები და ამსრულებელი პირები, სამინისტროს ხელმძღვანელებიდან რიგით თანამშრომლებამდე, თითოეული მათგანის როლი და ფუნქცია დანაშაულში. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოძიება ეფექტიანად ვერ ჩაითვლება.

2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების დროს სამართალდამცველების განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლები, აქციის მონაწილეებთან ერთად, გახდნენ ჟურნალისტები. ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც არასათანადო მოპყრობას, ასევე, მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას. 2024 წლის შემოდგომა-ზამთრის აქციების მიმდინარეობისას, სხვადასხვა დროს მასმედიით გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერები ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, საქმიანობაში ხელშეშლისა და ტექნიკის დაზიანების თაობაზე; ასევე, დაშავების შესახებ, მათ შორის, ცრემლსადენი გაზის გამოყენებით. აქციების დროს, სამწუხაროდ, არაერთი ჟურნალისტი თუ მედიის წარმომადგენელი დაშავდა, რამდენიმე მათგანს სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება დასჭირდა, მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე...

საჭიროა ყველა ამ შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ არცერთ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოვლენილი და დასჯილი არ არის შესაბამისი დამნაშავე", - წერია ანგარიშში.

ანგარიში სრულად ნახეთ აქ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი