სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ანა გემაზაშვილი "სოფლის ნობათის" პროდუქციაში, მათ შორის საბავშვო რძის ნიმუშებში აფლატოქსინის გამოვლენას ეხმაურება და ამბობს, რომ "შეუსაბამობა მხოლოდ მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიაში გამოვლინდა და მაშინვე მოხდა რეაგირება".
როგორც გემაზაშვილი აღნიშნავს, "რძის მწარმოებლები მაღალი რისკის მწარმოებლებს განეკუთვნებიან, ამიტომ ასეთი ობიექტები მინიმუმ 4-ჯერ მოწმდება, ეს ნიშნავს 4-ჯერ გეგმურ შემოწმებას, 4 გადამოწმებას - ფაქტობრივად, მაღალი რისკის საწარმოებში კონტროლი ხორციელდება ყოველ 2 თვეში ერთხელ.
"გარდა იმისა, რომ საწარმოო პროცესი მოწმდება, კონტროლდება ასევე ბაზარზე განთავსებული ყველა დასახელების რძის ნაწარმი. მათ შორის რძე და ასევე აღნიშნული ბიზნესოპერატორის რძეც არაერთხელ არის შემოწმებული. არაერთ მაჩვენებელზე ხდება მონიტორინგი, ნიმუშების აღება და სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოკვლევა. მათ შორის ამ მაჩვენებელზეც გამოკვლეულ იქნა როგორც შარშან, ასევე შარშანწინ "ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ წარმოებული რძე და ამ დრომდე არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებული აფლატოქსინის გადაჭარბებული შემცველობა.
ეს კონკრეტული ფაქტი დაკავშირებული იყო მცირე რაოდენობის კონკრეტულ პარტიებთან, სადაც აღმოჩნდა შეუსაბამობა ლაბორატორიული გამოცდის შედეგად. სააგენტოს მიერ მყისიერად გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იმიტომ, რომ დაგვეცვა მომხმარებლის ინტერესები და ჯანმრთელობა. თავად ბიზნესოპერატორიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია და იმავე დღესვე დაიწყო ამ კონკრეტული პარტიების გამოთხოვა ბაზრიდან.
მინდა დავაწყნარო ჩვენი მომხმარებელი, რომ ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, თუკი რაიმე დარჩენილია აღნიშნული პარტიებიდან, მათი გამოთხოვა ბაზრიდან", - თქვა სეს-ის წარმომადგენელმა.