"არ ვაპირებთ შევცვალოთ განვითარების ვექტორი" - "ძველი მიდგომებისგან თავის დაღწევის სურვილი არ არსებობს" | ოკუპირებული რეგიონები კობახიძეს პასუხობენ

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც "თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა".

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მათთვის მიუღებელია გამოთქმული თეზისები და იდეები ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

"სამხრეთ ოსეთი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას, არ აპირებს შეცვალოს განვითარების ვექტორი და მისწრაფება, გააძლიეროს ურთიერთობები მისი უსაფრთხოების გარანტთან - რუსეთის ფედერაციასთან. ცხინვალს არაერთხელ გაუჟღერებია თავისი პოზიცია, რომელიც დაფუძნებულია სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანზე, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის არ არსებობა, მსგავსი განცხადებებთან ერთად, ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობას", - წერია განცხადებაში.

კობახიძის განცხადებას ოკუპირებული სოხუმიც გამოეხმაურა, რომლის მტკიცებითაც, საქართველოსთან შემდგომი თანაცხოვრება შესაძლებელია "კეთილმეზობლობისა" და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე.

"საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ მიუთითებს, რომ არ არსებობს სურვილი თავი დააღწიონ ძველ მიდგომებს, რომლებიც დიდი ხანია ვერ შეესაბამება არსებულ რეალობას. აფხაზეთში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ დეკლარაციების ნაცვლად, ვისურვებდით, ვიხილოთ საქართველოს მხრიდან კონსტრუქციული დიალოგის სურვილი და კომპრომისების ძიება, რომელიც შექმნის მშვიდობიან და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი