"ხალხს ეკრძალება უსასყიდლო დახმარების მიღება - "ოცნება" დაფინანსებას გადაუკეტავს ყველა ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე მუშაობს" | ბრაჭველი ე.წ. დონორების კანონზე

გამოქვეყნდა:

"პაპუაშვილი გრანტების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს დონორების შეზღუდვად ასაღებს. სინამდვილეში, ამით ქართველ ხალხს ეკრძალება უსასყიდლო დახმარების მიღება. მაგალითად, აქამდე ნებისმიერ სამართლებრივ პრობლემაზე შეგეძლო რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის მიმართვა, სადაც პროფესიონალები უფასოდ გადაგყვებოდნენ თან, სარჩელსაც დაგიწერდნენ და შეიძლება სასამართლოშიც დაეცვათ შენი ინტერესები. ათიოდე დღეში მთავრობა გადაუწყვეტს გაეროს, ევროსაბჭოს და სხვებს, ვის მისცენ გრანტი და ვის არა. "ოცნება" ამით დაფინანსებას გადაუკეტავს ყველა არამაამებელ ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე ან სხვა სიკეთეზე მუშაობს.

"ოცნება" ამ გზით დახურვას აიძულებს ყველა მედიას, ვინც ბედავს და მოწამლული რძის მსგავს კორუფციას აშუქებს. ამ ცვლილების შემდეგ, თუ საკარმიდამო დავა გექნება, მიწის დაკანონების წესის გარკვევა მოგინდება, დამსაქმებელი ხელფასზე გადაგაგდებს, ან პოლიციელი დაგჩაგრავს - უფასო სერვისის მიღების ნაცვლად, ან კერძო ადვოკატის აყვანა და უამრავი ფულის დახარჯვა დაგჭირდება, ან მოგიწევს, რომ ჩაგვრა გადაყლაპო. და ეს არ იქნება მხოლოდ იურიდიულ სფეროში - ტოტალური ცენზურა დაწესდება ყველგან, სადაც გრანტები გაიცემა. ეს არის ამ ცვლილების არსი - ქართველი ხალხისთვის ამკრძალავი ფილტრის დაყენება - რა უსასყიდლო დახმარების მიღება შეიძლება ხალხისთვის, ვისგან, და რა პირობებით. ერთ კვირაში ოცნება ნებართვის გარეშე ადამიანების უსასყიდლო დახმარებას აკრძალავს". 

- წერს იურისტი საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში ე.წ. დონორების კანონპროექტთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების" ახალ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გრანტების მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი