საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის "კონსტიტუციის 78-ე მუხლის" თავმჯდომარის, კახი სამხარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საჯარო სამსახურიდან 700-მდე პირი გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ევროინტეგრაციის პროცესს მხარი დაუჭირეს.
"ჩვენ ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. დღეის მდგომარეობით, 700-მდე ადამიანი არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურიდან იმის გამო, რომ მათ მხარი დაუჭირეს ევროინტეგრაციის პროცესს. 150-მდე ადამიანმა მომართა ჩვენს პროფესიულ კავშირს უფლებების დასაცავად, ასევე სხვაგვარი ბენეფიტების მისაღებად. ბუნებრივია, ამ ეტაპზე რა მონაცემიც გვაქვს, 700 ადამიანია გაშვებული, თუმცა სტატისტიკა კიდევ უფრო მზარდია.
მიმდინარე კვირას გაცხადდა, რომ საქართველოს პარლამენტში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, საქართველოს პარლამენტში დღესდღეობით ეს პროცესი რეორგანიზაციაზე უკავშირდება მუდმივად აპარატს, მუდმივ სტაფს, რომელშიც მოიაზრება სხვადასხვა დეპარტამენტი, მათ შორის საორგანიზაციო, იურიდიული, ადამიანური რესურსების თუ სხვა დეპარტამენტი.
ეს ადამიანები, დღემდე ღიად არ აფიქსირებდნენ პოზიციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, სისტემამ მათაც მიაკითხა. მათ მიმართაც დაიწყო რეპრესიები, შევიწროება იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ იცის თითოეული იმ ადამიანის განწყობა საჯარო სამსახურში. ეს კიდევ ერთი სიგნალია იმის, რომ ეს რეპრესიები ყველა საჯარო მოხელემდე მივა. შესაბამისად, სჯობს, თავის დროზე დააფიქსირონ ღიად პოზიცია, რათა შემდგომში უფრო მარტივი იყოს მათი უფლებების დაცვა", - აღნიშნა სამხარაძემ.