საქართველოს უნივერსიტეტი თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორც სასწავლებლის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცილისმწამებლურია.
"ქვეყნის თავისუფალ მომავალზე მორიგი ცილისმწამებლური თავდასხმის მცდელობა ვიხილეთ გუშინ, "ქართული ოცნების" საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას. ამას განვიხილავთ, როგორც შეტევას სრულიად განათლების სისტემაზე, რომლის პოზიტიურ ტრანსფორმაციასაც ზღვა ენერგია და უამრავი ადამიანის ძალისხმევა დასჭირდა. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში "ქართულ ოცნებას" დასახული მიზნის მისაღწევად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი უმაგრებს ზურგს. მისი თანამონაწილეობა ამ საქმეში და წარმატებული კონკურენტის განადგურების სურვილი, პირველ რიგში, სწორედ საკუთარ უნივერსიტეტს, მის პროფესურასა და სტუდენტებს აყენებს ჩრდილს.
"ქართული ოცნების" მცდელობა მიზნად ისახავს ჩვენი უნივერსიტეტის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციის დისკრედიტაციას და კერძო საკუთრების ხელყოფას. საქართველოს უნივერსიტეტი მორალურად და სამართლებრივად იმდენად მყარად დგას, რომ მათი მიზანი მიუღწევადია. იმ ადამიანებს, ვინც ცდილობს დაამახინჯოს მისი როლი და მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებაში, ვეუბნებით: თქვენ ვერ შეძლებთ ამას!
საქართველოს უნივერსიტეტის დაარსებაზე მუშაობა 2002 წლიდან დაიწყო. დამფუძნებლების მთავარი მამოძრავებელი მიზანი იყო კორუფციისგან თავისუფალი საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბება, ახალგაზრდა თაობებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და, რაც მთავარია, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების გავრცელება. ეს იმ დროს, უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო ქვეყანაში, სადაც დიპლომებს, თანხის სანაცვლოდ, „სადარბაზოებში“ გახსნილი უნივერსიტეტები გასცემდნენ.
საქართველოს უნივერსიტეტის, როგორც კორუფციისგან თავისუფალი უნივერსიტეტის დაარსება იმ დროისთვის იყო სუფთა ჰაერი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. წლებია, უნივერსიტეტი პირნათლად ასრულებს საკუთარ მისიას. დღეს, საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო რეპუტაციული მარეიტინგებელი ორგანიზაციების მიერ აღიარებულია სამხრეთ კავკასიაში საუკეთესო კერძო უნივერსიტეტად, რომელსაც ათასობით სტუდენტი და კურსდამთავრებული ჰყავს.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი საგანმანათლებლო მიზანი არასოდეს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური აზრის ლობირება, რაც იმითაც დასტურდება, რომ წლების მანძილზე აქ "ქართული ოცნების" არაერთი წევრი სწავლობდა და ასწავლიდა.
ჩვენ ვაშენებთ მომავალს არა პოლიტიკური დაკვეთების მიხედვით, არამედ ღრმა შეგნებით, რომ ერთიანი, განათლებული და კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოება ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრეა. საქართველოს უნივერსიტეტი არის თავისუფალი, დემოკრატიული და ძლიერი. ეს ასე იყო და იქნება მომავალშიც!", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს ტესნიკური უნივერსიტეტის რექტორი წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოიკითხა. გურგენიძის მტკიცებით, გიული ალასანიამ "საქართველოს უნივერსიტეტი" ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების ბაზაზე დააფუძნა და დღემდე ამ ქონებას ფლობს.