"ევგენი აფრასიძემ მომიკლა მამა, ტყიდან ჩასაფრებით ესროლეს და 7 ტყვიით მოკლეს", "ამ შოუთი ადამიანებში გააღვიძეს მომხდარი ტრაგედიები" | ლია პირველი და ნინო კუბლაშვილი აფრასიძეების საქმის შესახებ

გამოქვეყნდა:

"ევგენი აფრასიძემ მომიკლა მამა, ტყიდან ჩასაფრებით ესროლეს და 7 ტყვიით მოკლეს", "ამ შოუთი ადამიანებში გააღვიძეს მომხდარი ტრაგედიები", - ლია პირველი და მისი შვილი, ნინო კუბლაშვილი წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაში აფრასიძეების ოჯახის წევრების მისვლას ეხმაურებიან.

"მთავარი არხის" წამყვანების, ნათია გოგსაძისა და თეა ადეიშვილის Youtube-არხზე On:Time ლია პირველმა  1964 წლის 16 ივნისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა:

"1964 წლის 16 ივნისს, ევგენი აფრასიძემ და ვფიქრობ, რომ მას ახლდა მეორე ადამიანიც, მომიკლა მამა, "დასაჯა" თავისი სიძე. თავიდანვე ასეთი ტყუილის გავრცელება რას ემსახურებოდა, რომ მამა იყო ლოთი, იყო მოძალადე, ავიწროებდა მეუღლეს და ამის გამო ევგენიმ [ის მოკლა].

სინამდვილეში აბსოლუტურად უბრალო, ყოფით ნიადაგზე მოხდა ყველაფერი - მამამ თავისი სახლისთვის განკუთვნილი სამშენებლო მასალა მისცა საკუთარ ბიძაშვილს, რომელსაც წყალი ჩასდიოდა, პრობლემა ჰქონდა... ამას მოჰყვა ცოლ-ქმარს უთანხმოება, დედა განაწყენდა და წავიდა მამის სახლში.

დედას წასვლიდან დაახლოებით 5-6 დღის შემდეგ სამსახურეობრივ მოვალეობის შესრულების დროს მას ტყიდან ესროლეს და 7 ტყვიით მოკლეს... ჩასაფრებით მოკლეს მამაჩემი", - ყვება ის.

მისი თქმით, ხე-ტყის დამზადების უბნის უფროსი იყო და მკვლელობის დროს მამამისს სოხუმიდან კომისია კომისია ჰყავდა. მისივე თქმით, მომხდარის შემსწრე დაახლოებით 10-მდე ადამიანია.

ლია პირველის განცხადებითვე, სიცრუეა, რომ მამამისი დედამისძე ძალადობდა.

"თვითონ აღწერენ, რომ მამა იყო მოძალადე და დედას ავიწროვებდა და სცემდა. დედაჩემი ამბობდა და წერილშიც იკვეთება, რომ მამა ავადმყოფურად უყვარდა", - ამბობს ლია პირველი და ყვება, რომ დედამისი აფრასიძეებთან წასვლის შემდეგ შვილებთან აღარ დაბრუნება, ბავშვები კი მათმა მამიდებმა გაზარდეს.

პირველი იხსენებს, რომ იმ დროს დადიოდა ხმები, რომ ევგენი აფრასიძემ საკუთარი მამა მოკლა, თუმცა აფრასიძეები ამტკიცებდნენ, რომ კაცმა თავი მოიკლა.

"მაშინ მუსირებდა აზრი, რომ უთანხმოება მოხდა მამა-შვლის შორის და ევგენი აფრასიძემ საკუთარი მამა მოკლა. თუმცა, აფრასიძეები ამბობენ, რომ ბაბუამ თავი მოიკლა", - ამბობს ის.

მისი თქმით, დღეს ამ თემაზე საუბარი მისი ბიძაშვილის შვილების გამო აგდაწყვიტა, რომლებიც წულუკიანის კომისიაზე მივიდნენ. ლია პირველის განცხადებით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ბავშვები ვერ აღიქვამენ მომხდარის სიმძიმეს.

"შეგრძნება დამრჩა, რომ ისინი ვერ აღიქვამენ და ვერ გრძნობენ იმ სიმძიმეს, რა მოხდა მათ თავს და რას სჩადიოდნენ მათი წინაპრები", - თქვა მან.

გადაცემაში წულუკიანის "საგამოძიებო კომისიის" სხდომას ეხმაურება ლია პირველის შვილი, ნინო კუბლაშვილი: 

"ვუსმენ ამ ისტორიებს და მხოლოდ უსამართლობის განცდა და ბრაზი მიჩნდება საკუთარი თავის მიმართ. გარკვეულწილად ალბათ დედაჩემის მიმართ და იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს ვწერთ. თუმცა, დაგვიანებული ალბათ არასოდეს არ არის. აქამდე ჩვენი ხელით მივიყვანეთ ეს ქვეყანა... ალბათ ჩვენთვისაც კი წარმოუდგენელი იყო, რამდენ დანაშაულს ჩადიოდნენ ეს ადამიანები წლების განმავლობაში. ამ მოწყობილი შოუთი ადამიანებში გააღვიძეს არათუ მომხდარი ტრაგედიები, არ ვიცი, წარმოუდგენელია, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს კრიმინალური დაჯგუფების, კრიმინალური ოჯახის მსხვერპლად [გამოყვანას]. წარმოუდგენელია, სამართლიან სახელმწიფოში დოდო აფრასიძე, მინიმუმ, ვფიქრობ, რომ განსასჯელის სკამზე იჯდებოდა", - ამბობს ლია პირველის შვილი, ნინო კუბლაშვილი.

შეგახსენებთ, რომ წულუკიანის "საგამოძიებო კომისიაში" აფრასიძეების ოჯახის წევრების გამოჩენის შემდეგ, არაერთმა ადამიანმა დაწერა, რომ აფრასიძეებმა ოჯახის წევრები მოუკლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი