სანამ ეს 19 წლის ბიჭი ზის ციხეში და შენი 16 და 17 წლის არ ზის, გამოდი აქ და დაიცავი ამ ქვეყნის მომავალი, ხვალ გვიან იქნება... - ამ სიტყვებით მიმართა რეჟიმის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ მოქალაქეებს რუსთაველის გამზირიდან.
"...რეჟიმი ერს დასცინის, ქვეყანა რუსეთში მიჰყავს და ხალხს სძინავს, ეზარება გარეთ გამოსვლა. აქ საუბარი აღარ არის იმაზე, ვინმეს საფრთხე ემუქრება თუ არა მიტინგზე. აბსოლუტურად არავის არაფერი ემუქრება, უბრალოდ ეზარებათ მოსვლა და მიზეზობენ იმას, რომ დაგვიჭერენ, დაგვაჯარიმებენ. 19 წლის შვილი ციხეში მყავს, სამსახურიდან გამაგდეს, მამა გარდამეცვალა, 4 დღის მერე შვილი დაიჭირეს, 17 ჯარიმა მაქვს და აქ ვდგავარ, და ყველაზე წინ ვდგავარ. ეტყობა ყველა ჩემ დღეში უნდა ჩავარდათ, რომ დადგეთ აქ და იცოდეთ რა ელოდება ამ ქვეყანას...." თქვა ზურაბ ცეცხლაძემ მიმართვაში.
რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლებენ, გაიმეორებენ ახალგაზრდების მიერ, ზუსტად 1 წლის წინ დადებულ ფიცს, შემდეგ კი ისევ უკან დაბრუნდებიან და ქაშვეთში შეხვდებიან აღდგომის დღესასწაულს.
[ფოტო: ნეტგაზეთი]