გმირთა მოედანზე ზუსტად ერთი წლის წინ დადებული ფიცი გაიმეორეს. პროევროპულ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების ოჯახის წევრებმა, ხელოვანებმა და სხვა მოქალაქეებმა, ქვეყნის თავისუფლებისა და ევროპული მომავლის დაცვის პირობა, დღეს კიდევ ერთხელ დადეს.
"თქვენთან ერთად ვდებ ფიცს, რომ ამიერიდან მე თქვენი წინამძღოლი ვიქნები ყველა ბრძოლაში, სადაც ეს ბრძოლა გაიმართება საქართველოს კეთილდღეობისათვის და ამ ბრძოლაში პირველი ტყვია მე უნდა მომხვდეს და თქვენ იქნებით აბსოლუტურად დაცული, ყელა ტყვია ჩემზე იქნება ამ ქვეყნის და თქვენ უვნებელი ჩაიბარებს ამ ქვეყანას" - განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ ფიცის დადების წინ მიმართვაში.
ამის შემდეგ კი მან შარშანდელი ფიცის ტექსტი გაიმეორა და აღნიშნა, რომ მისი შვილიც და რეჟიმის სხვა პატიმრებიც იმიტომ მოხვდნენ ციხეში, რომ ამ ფიცს არ უღალატეს:
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევეგუებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს, ჩვენს ერთობას და რწმენას! ვფიცავ, ვფიცავ, ვფიცავ! გაუმარჯოს ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოს!“
ზუსტად 1 წლის წინ, ქვეყანაში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები იმართებოდა, რა დროსაც, ახალგაზრდების ნაწილმა თბილისში, ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან დაიფიცა, რომ არასდროს შეეგუებიან მტრულ ძალას, რუსულ პროპაგანდას, რუსულ კანონებსა და დაიცავენ ქვეყნის ინტერესებს.
მაშინ ეს ფიცი ზვიად ცეცხლაძემ წაიკითხა. წელს ის რეჟიმის პატიმარია. მის ნაცვლად გმირთა მოედანზე ფიცის ტექსტი დღეს მისმა მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ წაიკითხა.
[ფოტო: "მაუწყებელი"]