"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, საბა სხვიტარიძის საქმის მოწმე სალომე ედიშერაშვილის გამოსვლას სხდომათა დარბაზიდან ხმაური მოჰყვა. მოწმე ედიშერაშვილი პოლიციის კორდონით გამოაცილეს, მის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფდა რამდენიმე სამართალდამცველი, თუმცა ედიშერაშვილს მაინც ეძახეს მონა და მატყუარა. ამის შემდეგ ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა ძალის გამოყენებით, ერთი ადამიანი მანქანაში ჩატენეს და სავარაუდოდ, დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რეჟიმის პატიმრის, გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმა გიორგი ჩხეიძე.
ედიშერაშვილი პროცესზეც პოლიციის კორდონით მივიდა, სხდომაზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. სასამართლო დარბაზში 10-მდე პოლიციელი იჯდა, რის გამოც, საბა სხვიტარიძის ოჯახის წევრები სხდომაზე შესვლას ვეღარ ახერხებდნენ. მომხდარი დაპირისპირების შემდეგ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროცესზე შესვენება გამოაცხადა.
ედიშერაშვილი ის გამომძიებელია, რომელსაც სხვიტარიძე მის მიმართ განხორციელებული წამების თვითმხილველად ასახელებს. რეჟიმის პატიმრის თქმით, სწორედ ედიშერაშვილის კაბინეტში, მის თვალწინ სცემეს ოლიგარქის პოლიციელებმა ის, თუმცა გამომძიებელ ქალს ამაზე რეაგირება არ ჰქონია.
გამოკითხვისას სალომე ედიშერაშვილმა თქვა, რომ შემთხვევის ადგილი პირადად არ დაუთვალიერებია, ვიდეოკადრებზე ექსპერტიზა არ დაუნიშნავს და არც "დაზარალებული" პოლიციელ მირიან ქავთარაძე დაუკითხავს.
ადვოკატის კითხვაზე, როცა მასთან ოთახში საბა სხვიტარიძე შეიყვანეს, შენიშნა თუ არა ნაკაწრი მის შუბლზე, გამომძიებელმა ედიშერაშვილმა უარყოფითი პასუხი გასცა.
"მე არ დამინახავს, არ დამითვალიერებია, დიდი ზომის დაზიანება რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, შევამჩნევდი, თუმცა, ჩემმა კოლეგამ რა დაზიანებებიც თუ ნაკაწრიც ჰქონდა, აღწერა",- განაცხადა ედიშერაშვილმა.
მას კითხვა დაუსვა სხვიტარიძემაც - "ადვოკატს და სასწრაფოს რომ ვითხოვდი, რატომ არ მომიყვანეთ"?- "არ გითქვამთ, ძალიან მშვიდად ისხედით, არანაირი პარკი არ შემომიწოდებია",- განაცხადა ედიშერაშვილმა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს. რეჟიმის პროკურატურის მტკიცებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი. სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.