მეტროსადგურ "დიდუბის" ზედა ამოსასვლელთან სივრცის მოწესრიგება იგეგმება | შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, მეტროსადგურ "დიდუბის" ზედა ამოსასვლელთან სივრცის მოწესრიგება იგეგმება.

კერძოდ, კალაძის თქმით, შეიქმნა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა, რომელიც ითვალისწინებს: "ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის შესაბამისი ბაქნების მოწყობას, რომელიც აღიჭურვება ქვეითთა უსაფრთხოებისთვის საჭირო ელემენტებით; მოედანზე ხე-მცენარეების დარგვას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს ვიზუალურ იერსახეს".

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ამჟამად, ტერიტორიაზე ქაოსური სიტუაციაა, გადაადგილება უჭირს როგორც ქვეითებს, ისე სატრანსპორტო საშუალებებს.

"ამჟამად, იქ ქაოსია, ქვეითი ნორმალურად ვერ გადაადგილდება, მიკროავტობუსს გაჩერების პრობლემა აქვს, კერძო ავტომანქანები ქაოსურად არის დაპარკინგებული. ამიტომაც გვინდა ამ სივრცის მოწესრიგება, რომ ქვეითებისთვის და ტრანსპორტისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს", - განაცხადა მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც.

"გარდა ამისა, დაგეგმილია აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილება. კერძოდ, ავტობუსები ბოლო გაჩერებამდე, ერისთავის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით იმოძრავებენ. ასევე, მარცხნივ მოხვევით შეეძლებათ, გააგრძელონ მოძრაობა გურამიშვილის გამზირის მიმართულებით. ასევე, პროექტი მოიცავს წერეთლის გამზირიდან "დიდუბის" ზედა გასასვლელთან მდებარე გაჩერებამდე ავტობუსებისთვის ცალკე ზოლის მოწყობას, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს გადაადგილების დროსა და კომფორტს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი