სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმ მოსამართლეზე წერს, რომელიც აქციების დროს 11 დაკავებული პირის საქმეებს განიხილავს და აღნიშნავს, რომ ნინო გალუსტაშვილი მოსამართლედ გასული წლის დეკემბერში დაინიშნა, ხოლო მანამდე, 2016-2024 წლებში სხდომის მდივნისა და მოსამართლის თანაშემწის პოზიციებზე სხვადასხვა რაიონულ და საქალაქო სასამართლოში მუშაობდა.
"ხვალ, 24 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 11 პირის ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკისა და ირაკლი ქერაშვილის სისხლის სამართლის საქმის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში სდებენ ბრალს. საქმეს განიხილავს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი. 2024 წლის დეკემბრიდან იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. სისტემაში გამოზრდილი კადრების მოსამართლედ დანიშვნა და გამოსაცდელ ვადაში პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებში მათი ლოიალობის გამოცდა სასამართლო "კლანის" დამკვიდრებული პრაქტიკაა", - ამბობენ SJC-ში.