მოქალაქე ზაალ წერეთელი ოცნების პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს და დამატებით რამდენიმე საეკლესიო დღესასწაულის სამოქალაქო უქმეებად გამოცხადებას ითხოვს. ზაალ წერეთელმა აღნიშნული წინადადებით შალვა პაპუაშვილს 10 აპრილს მიმართა, 15 აპრილს კი ოცნების პარლამენტის ბიურომ დაავალა საქართველოს პარლამენტის ჯაწმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაავალა საკანონმდებლო წინადადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება.
"მე გახლავართ ზაალ წერეთელი, 63 წლის, მათემატიკოსი და მუსიკოსი, თბილისის ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის რეგენტი. მინდა მოგმართოთ ერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით: დამატებით რამდენიმე საეკლესიო დღესასწაულის სამოქალაქო უქმეებად გამოცხადების შესახებ.
დღესდღეობით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საეკლესიო დღესასწაული სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულია სამოქალაქო დასვენების დღეებად. ესენია: ქრისტეშობა (7 იანვარი), ნათლისღება (19 იანვარი), სააღდგომო დღეები, მიძინება (28 აგვისტო), ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე (12 მაისი), გიორგობა (23 ნოემბერი) და სვეტიცხოვლობა (14 ოქტომბერი). იმის გამო, რომ ყოველი კვირის შაბათი და კვირა-დღე ოფიციალურად ითვლება დასვენების დღეებად, ჩამოთვლილ დღესასწაულებს ავტომატურად ემატება ორი უდიდესი მოძრავი დღესასწაული: ბზობა და სულთმოფენობა. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოს სახელმწიფო პატივს სცემს ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობის - მართლმადიდებელი ქრისტიანების - რელიგიურ გრძნობებს. სამოქალაქო დასვენების დღეებში ყველა მორწმუნეს (დასაქმებულს თუ დაუსაქმებელს)შესაძლებლობა ეძლევა დაუბრკოლებლად მივიდეს ეკლესიაში, დაესწროს საზეიმო წირვას და მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის მიერ დადგენილ დღესასწაულში.
მიუხედავად ზემოთ აღნიშნული უდაოდ სასიკეთო გარემოებისა, ყურადღების მიღმაა დარჩენილი არაერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაული. შვიდი მათგანი განეკუთვნება თორმეტი საუფლო დღესასწაულის კატეგორიას, ხოლო ორი - მოციქულთა სწორის და დიდი წმინდანის ხსენების დღეა. მხედველობაში გვაქვს შემდეგი დღესასწაულები: ღვთისმშობლის შობა (21 სექტემბერი), ჯვართამაღლება (27 სექტემბერი), ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება (4 დეკემბერი), მირქმა (15 თებერვალი), ხარება (7 აპრილი), ამაღლება (აღდგომიდან მეორმოცე დღე, ყოველთვის ემთხვევა ხუთშაბათს), ფერისცვალება (19 აგვისტო), ნინოობა (27 იანვარი) და ნიკოლოზობა (19 დეკემბერი). ასეთ საზეიმო თარიღებში, თუ ისინი სამუშაო დღეს ემთხვევა, მოქალაქეები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ ეკლესიებში მისვლას და ღვთისმსახურებები უღიმღამოდ, თითქმის ცარიელ ტაძრებში აღესრულება.
ჩამოთვლილი ცხრა დღესასწაულის სამოქალაქო დასვენების დღედ გამოცხადების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ პატივმიგებული იქნება უფლის ბრწყინვალე აღდგომა, 12 საუფლო დღესასწაული სრულად, სვეტიცხოვლობა და საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ოთხი წმინდანის - ანდრია პირველწოდებულის, წმ. ნინოს, წმ. გიორგის და წმ. ნიკოლოზის - ხსენების დღეები.
დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულისაკითხის დადებითად გადაწყვეტა ბევრი სიკეთის მომტანი იქნება როგორც რიგითი (ეკლესიური თუ არაეკლესიური) მოქალაქისთვის, ისე მმართველი პარტიისათვის. თუმცა მთავარი სიკეთე ეს იქნება: ამ ნაბიჯის გადადგმით სათნო ვეყოფით უზენაესს და მთელი ჩვენი ქვეყანა მოიღებს ღვთის მადლს, კურთხევასა და კეთილდღეობას. გთხოვთ მოახდინოთ ამ საკითხის ინიცირება შესაფერის დროსა და ვითარებაში.
ნება მომეცით დაგიდასტუროთ_ჩემიღრმა პატივისცემა იმ ღვაწლისთვის, რასაც სწევთ საქართველოს სასიკეთოდ." - აღნიშნულია ზაალ წერეთლის საკანონდმებლო წინადადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველო დასვენების დღეების რაოდენობით ევროპაში ლიდერია. საქართველოს შრომის კოდექსი 18 უქმე დღეს ითვალისწინებს. 18 უქმე დღეში 8 რელიგიურია. გასულ 2024 წელს, კიდევ ერთი უქმე დღედ, 17 მაისი გამოცხადდა, როცა მართლმადიდებელი მრევლი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს.