"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საფუძვლით მოქალაქეების წინააღმდეგ საქმის წარმოების დაწყებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საქმე რეპრესიული კანონმდებლობის პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოყენების კიდევ ერთი აშკარა გამოვლინებაა.
როგორც SJC-ის განცხადებაშია აღნიშნული, "პოლიტიკოსის სახლთან პროტესტისთვის მოქალაქეების დასჯა, საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას".
"გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ზუსტად არ დგინდება რომელი მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას ედავება შსს ალბი კორძაიას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სატელეფონო კომუნიკაციისას მას წულუკიანის შეურაცხყოფის საფუძველზე მიუთითეს, სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების საფუძველი სახელმწიფო მოსამსახურის მიმართ შეურაცხყოფის მუხლი გახდა.
ნორმა, რომელმაც ეს სამართალდარღვევა შემოიღო, კოდექსს „ქართულმა ოცნების“ 2025 წლის თებერვლის რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში დაემატა და იგი რამდენიმე მიზეზის გამოა პრობლემური. პირველ რიგში, ის ბლანკეტურ, ზოგადი ხასიათის შეზღუდვას აწესებს, რითაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებასა და საერთაშორისო სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების მარეგულირებელ კანონმდებლობაში “ქართული ოცნების” მიერ დაჩქარებული წესით შეტანილ ცვლილებები კრიტიკულად შეფასა ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა.
ორივე ინსტიტუტის დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ შეკრების მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გაზრდილი პასუხისმგებლობის ზომები და ბლანკეტური შეზღუდვები ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტთან მოდის წინააღმდეგობაში.
პოლიტიკოსის სახლთან პროტესტისთვის მოქალაქეების დასჯა, საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკასა და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების საბაზისო იდეას, ვინაიდან დაცვა, პირველ რიგში სჭირდება არა საყოველთაოდ მოწონებულ და გაზიარებულ იდეებს, არამედ იმ გამონათქვამებს, რომელიც კონკრეტული პირისა თუ საზოგადოების ნაწილისთვის შეიძლება მიუღებელი ან შეურაცხმყოფელი იყოს." - წერია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
წულუკიანის შეურაცხყოფის ბრალდებით აქტივისტებს გამომძიებლები უკავშირდებიან და განყოფილებაში იბარებენ