სინდისის პატიმრების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგში იკვეთება 10 პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები | საია

გამოქვეყნდა:

აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეების მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, რომლებიც თავისი არსით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს: წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას - სპეციალურ ანგარიშს "საია" აქვეყნებს.

სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა 10 დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ. 

ასეთ ფაქტებზე მიუთითეს: საბა სხვიტარიძემ, რევაზ კიკნაძემ, ნიკოლოზ კაციამ, ანატოლი გიგაურმა, დავით ხომერიკმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა,  არჩილ მუსელიანციმ, ანასტასია ზინოვკინამ, მზია ამაღლობელმა.

"საბა სხვიტარიძემ დეტალურად აღწერა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამოცდილება. სხვიტარიძის განმარტებით, ის პოლიციამ ზესტაფონის გზაზე დააკავა, მისთვის არ განუმარტავთ დაკავების საფუძველი, არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა მისცეს, შემდეგ გადასცეს გორთან გაურკვეველ ოპერატიულ ჯგუფს და გადაიყვანეს დიღომში მდებარე პოლიციის სამმართველოში. დიღომში, სამმართველოს შენობაში, მეხუთე სართულზე, მას ოთხი ნიღბიანი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა და სცემა, შემდგომ კი ამავე შენობის მერვე სართულზე საპატრულო ფორმაში ჩაცმულმა პიროვნებამ, რომელსაც ნიღაბი ეკეთა, სხვა პირებთან ერთად კვლავ იძალადა მასზე.

რევაზ კიკნაძემ განაცხადა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ქვეშ აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას. ბრალდებულების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია, სხვა გამოცდილებებთან ერთად, განამტკიცებს იმ ფაქტს, რომ არასათანადო მოპყრობას სისტემური და ფართომასშტაბიანი ხასიათი აქვს.

ნიკოლოზ კაციამ აღნიშნა, რომ დაკავებისას ექცეოდნენ დამცინავად და შეურაცხმყოფლად, უწოდებდნენ „რიჟიკას“, ბილწსიტყვაობდნენ მისი მისამართით და ეუბნებოდნენ, რომ რასაც ეტყოდნენ, ის უნდა დაედასტურებინა. ასევე საჯარო წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ კაციას პენიტენციურ დაწესებულებაში არ უზრუნველყოფდნენ საკვებით, ხოლო მის  პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხებით სარგებლობენ სხვა მსჯავრდადებულები. ამასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნიკოლოზ კაციამ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ნიკოლოზ კაციამ აღნიშნა, რომ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესამდე „ბუქნებს“ აკეთებინებდნენ. ნიკოლოზ კაციას საქმე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გადაგზავნა პროკურატურაში იმ არგუმენტაციით, რომ მისი ქვემდებარე არ იყო.

ანატოლი გიგაურის საქმეზე, დაცვის მხარემ პროცესზე აღნიშნა, რომ გიგაურს თავად  პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური დაზიანება სახის მიდამოში მუშტით. ეს ყველაფერი დადასტურდება ვიდეო მტკიცებულებით. 

დავით ხომერიკი უთითებდა სექსუალური ძალადობის მუქარის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, ასევე გაშიშვლების შემთხვევებზე.  

დავით ლომიძე  სცემეს  დაკავებისას, მას აწუხებდა ხერხემლის პრობლემები, ცემის შედეგად  გაურთულდა მდგომარეობა და დასჭირდა ოპერაცია. 

თემურ ზასოხაშვილის ინფორმაციით, ასევე, მასაც გაუსწორდნენ ფიზიკურად დაკავების დროს. 

არჩილ მუსელიანცის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას და შეთავაზებას თანამშრომლობაზე, რომ პოლიტიკურ თანამდებობის პირებისთვის დაედო ხელი. 

ანასტასია ზინოვკინამ ასევე განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ძალადობა, მათ შორის სექსუალური ძალადობისკენ მიმართული მუქარა. ერთ-ერთ პოლიციელს ხელი თავის სასქესო ორგანოზე ედო და ემუქრებოდა თუ გაინძრეოდა ამ ადგილით დასჯიდა. დაკავება მოწმის და ვიდეო გადაღების გარეშე მოხდა. ბრალდებულმა მიუთითა, რომ შეეძლო იმ პოლიციელის ამოცნობა, ვინც მას ტელეფონი წაართვა. ამავე პოლიციელმა ჩადო ნარკოტიკი ქურთუკის ჯიბეში. ბრალდებული იხსენებდა, რომ „პოლიციელი“ ემუქრებოდა, თუ გააგრძელებდა ქურთუკის ყურებას მას „იხმარდა“. მას შემდეგ, რაც ქურთუკში ნარკოტიკული საშუალება განათავსეს, ჩაცმა აიძულეს. მხოლოდ ამ „ოპერაციის“ დასრულების შემდეგ დაიწყო ოფიციალური ჩხრეკა. ბრალდებული ცდილობდა ყველაფრის დანახვას, რაზეც ემუქრებოდნენ, რომ იძალადებდნენ თუ გააგრძელებდა აქეთ-იქით ყურებას.

მზია ამაღლობელის საქმე: როგორც ცნობილია, საია წარმოადგენს მზია ამაღლობელის ინტერესებს. მისი დაკავება ძალადობრივი და უკანონო იყო, რასაც თან ახლდა ფიზიკური ძალადობა და არაერთი დარღვევა პოლიციის მხრიდან. დაკავების შემდგომ, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მზიას მიმართ გამოიყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დაუშვა მისი საჭიროებების იგნორირება და ხელი შეუშალა ადვოკატებთან კონტაქტს. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ამ დრომდე მას დაზარალებულის სტატუსი არ მიუღია, რაც ფუნდამენტურად ზღუდავს მისი უფლებების დაცვას."

განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ აღნიშნული ათივე პირი კვლავ  ციხეში იმყოფება, საიას შეფასებით, კრიტიკულად აუცილებელია ეფექტიანი გამოძიების ჩატარება სწრაფად და სრულყოფილად. მათი უფლებების დარღვევა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები არ შეიძლება დარჩეს გაურკვეველი ვადით განგრძობადი გამოძიების ობიექტი, რაც, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ადამიანს კიდევ უფრო უჩენს დაუცველობის განცდას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 10-დან 9 პირს (საიას ინფორმაციით, დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ საბა სხვიტარიძეს აქვს,) დაზარალებულადაც კი არ აღიარებს პროკურატურა. 

ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ დაუმთავრებია გამოძიება არცერთ ზემოთხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე, და არ გამოუვლენია პასუხისმგებელი პირები. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ეს ვერ ჩაანაცვლებს მათ კანონით განსაზღვრულ დაზარალებულის უფლებებს. აღსანიშნავია, რომ ეფექტიანი გამოძიება მოითხოვს ხუთ კრიტერიუმს: 

  • გამოძიების დამოუკიდებლობა, 
  • მისი ადეკვატურობა, 
  • გამოძიების სწრაფი წარმოება, 
  • საჯაროობა, 
  • მასში დაზარალებულის ჩართულობა. 


დღეს არსებული მოცემულობით, დასაბუთებულია ეჭვები ამ კრიტერიუმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ უნდა უპასუხოს ამ შეკითხვებს და მიაწოდოს საზოგადოებას სწორი ინფორმაცია, თუ რატომ არ აქვთ აქამდე სინდისის 10 პატიმრიდან 9-ს დაზარალებულის სტატუსი და როგორია გამოძიების პროგრესი. ამასთან, არსებითია, გამოძიება წარმოებდეს სწორი კვალიფიკაციით, რაც, საიას შეფასებით, არის სსკ 1441, 1442, 1443 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების კვალიფიკაცია. [საია]

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი