სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 7 წლის ბიჭი, რამდენიმე დღის განმავლობაში, ნაცემი საღორეში იყო ჩაკეტილი. არასრულწლოვანს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, მათ შორის ნაკბენების კვალი. ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ემიგრაციაში მყოფი მამა და ბებია ბავშვზე ძალადობაში დედასა და მეორე ბებიას (დედის დედას) ადანაშაულებენ - არასრულწლოვანი ოჯახიდან თვითონ გაიქცა და დახმარება ნათესავებს, კერძოდ კი დიდ ბებიას სთხოვა.
"უცემიათ, დაუკბენიათ ბებიას და დედას... ბავშვი დაამწყვდიეს საღორეში. ბავშვის ნათქვამით, მაძლევდნენ წყალსა და პურსო.... სულ დაკბენილია, გადატყავებულია. ბავშვი დაშინებულია", - ამბობს ემიგრაციაში მყოფი ბებია.
მამა ამბობს, რომ მისი ყოფილი ცოლი პოლიციამ უკვე გამოკითხა. ის შსს-ს მოუწოდებს სწრაფი რეაგირებისკენ და დამნაშავეების დასჯისკენ. ამასთან, მისი თქმით, ბავშვის დედა მას შვილთან კომუნიკაციას ბოლო პერიოდის განმავლობაში უშლიდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ოჯახური ძალადობის ჩადენას არასრულწლოვანის მიმართ და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.