ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც. ინფორმაციას ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ცნობით სამუშაოები 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
"28 აპრილს კრწანისის რაიონის გამგეობა ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარებილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების სისტემა და გამწვანებული თარგები. აგრეთვე, განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოების მიმდინარეობისას, რომელიც 28 აპრილიდან დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამ პერიოდში კერძო ავტომობილები კაპანაძეებისა და ღოღობერიძის ქუჩებზე გადაადგილდებიან.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N343 და N344 იმოძრავებენ N29 კორპუსამდე, მიკროავტობუსი N409 კი გადაადგილდება მარნეულის ქუჩამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით მოემსახურება." - აღნიშნულია განცხადებაში.