ყვარელში ე.წ "კანონიერი ქურდის" ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის სახლის დაწვა ცადეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ დროისათვის დაუდგენელმა პირმა გელა უძილაურის საცხოვრებელ სახლს, სავარაუდოდ, ეგრეთწოდებული "მოლოტოვის კოქტეილი" ესროლა. აალების შედეგად, სახლის მცირე ნაწილი, დაახლოებით 2-3 კვადრატული ფართობი დაზიანდა.
ვინ ისროლა " მოლოტოვის კოქტეილი", ან ვინ იმყოფებოდა იმ დროისათვის საცხოვრებელ სახლში, დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ცნობისათვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა 14 მარტს ღამით, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. გამოძიების ინფორმაციით,ყვარელში მცხოვრებმა გელა უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს, გია ჩადუნელს, რამდენჯერმე ესროლა. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით აქვს წარრდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უძილაურს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.