აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი გრიგოლ ბესელია "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით იკითხება. მან გამოკითხვისას აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძის მიმართ აგრესიული იყო, რაც გაუკვირდა, რადგან პოლიციელები, განსაკუთრებით აჭარაში, ქალებისგან ასეთ დამოკიდებულებას არ არიან მიჩვეულები.
"ვარ ერთ მეტრში, ან ორ მეტრში მაქსიმუმ, ძაან ახლოს ვართ იმიტომ, რომ უკვე მივუახლოვდი ქალბატონ მზიას და დგებუაძეს საუბარს, საუბარიც მესმის და ჩვეულებრივად აღვიქვამ ყველაფერს. აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო იმიტომ, რომ არ ვართ მიჩვეულები პოლიციელები ქალებისგან, თან მითუმეტეს აჭარაში, ქალებისგან ასეთ აგრესიას, დამოკიდებულებას...
საუბარი რაც არის, კითხვა-პასუხი, კითხვა-პასუხი, მერე დგებუაძე ბრუნდება, ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება. ეგ იყო და ეგ..." - განაცხადა ბესელიამ.
გრიგოლ ბესელია,თავად დგებუაძის მხრიდან, ყველანაირ აგრესიასა და შეურაცხყოფას უარყოფს - "არ არის ეს ბიჭი [ირაკლი დგებუაძე] ისეთი ადამიანი, რომელიც ქალბატონების მიმართ, დაკავებულების მიმართ აგრესიულობაში იყოს შემჩნეული " - ამბობს ის.
ბესელიას მტკიცებით, მზია ამაღლობელმა იმდენად ძლიერად გაარტყა ხელი დგებუაძეს, რომ აქცია დაიშალა - "ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია" - თქვა მან. რაც შეეხება დგებუაძის ვიზუალურ მდგომარეობას, ბესელია ამბობს, რომ "ყურადღება არ მიუქცევია".
ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც დაიკითხება.