"მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან, ეს მინდა, იცოდეთ ჩემი განწყობის დასადგენად. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა ვერ ვხვდები, რას ნიშნავს ჩადენა. იმიტომ რომ, რავიცი, ბუნებით კრიმინალი არა ვარ და ყველაფერი, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული მძაგს, ატანა არ მაქვს. უნდა დაგეგმო, თუ ახალი დანაშაული უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხო?! ან თუ ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?! ვერ ვხვდები ამას. უნდა დაგეგმო ახალი დანაშაული, ან უნდა ჩაიდინო, ან უნდა დაგეგმო...
ერთადერთი, ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი, რას გავაკეთებ, დანაშაულს არ ჩავიდენ, იმიტომ, რომ არა, რომ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ და ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამაკავონ. ევროინტეგრაციისა და სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ"
- ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმართვისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ამაღლობელი პატიმრობაში დატოვეს. მის დღევანდელ სხდომაზე აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია გამოიკითხა.