მარიამ ბაჯელიძის სახლში პროკურატურა შევიდა და ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ბაჯელიძის სოციალურ ქსელში გავრცელებული პირდაპირი ეთერიდან გახდა ცნობილი.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, პროკურატურა მოქალაქის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდა. ისინი ბაჯელიძის პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონის ამოღებას აპირებენ.
ბაჯელიძე გარკვეული დროის განმავლობაში ვიდეოს იღებდა, თუმცა პროკურატურის თანამშრომელმა პირდაპირი ეთერის დროს მას ტელეფონი ჩამოართვა. მანამდე, ბაჯელიძე აცხადებდა, რომ ვიდეოს გადაღების უფლება "თავდაცვის მიზნით" ჰქონდა, ის ასევე ალტერნატივად ადვოკატის დალოდებას ითხოვდა, თუმცა მას უთხრეს, რომ ადვოკატს ვერ დაელოდებოდნენ და არც ვიდეოს გაგრძელების საშუალება მისცეს.
განჩინებაში, რომელიც მარიამ ბაჯელიძეს გადასცეს სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლი არის მითითებული - კერძოდ, განჩინებაში მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 319-ე მუხლები. 318-ე მუხლი გულისხმობს საბოტაჟს, 319-ე კი "უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას".
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. საქმე, სავარაუდოდ, პროკურატურის მიერ საბოტაჟის საქმეზე ვატო შაქარიშვილის მიმართვის შედეგად დაწყებულ გამოძიებას ეხება. ამ გამოძიების ფარგლებში „ნანუკას ფონდის", „ფროსფერითის", „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის", „სირცხვილიას" და „ფონდის ერთმანეთისთვის" საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.
მარიამ ბაჯელიძე წარსულში "სირცხვილიას" წევრი იყო, თუმცა, მოძრაობა 2024 წლის სექტემბრიდან აღარ მუშაობს.