"47%-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა" | ACTR-ის კვლევის მიხედვით, საზოგადოებაში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი საკმაოდ მაღალია

გამოქვეყნდა:

"ეისითი" კვლევის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, საზოგადოებაში ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი საკმაოდ მაღალია. ამასთან, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის მიზანი საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური განწყობებისა და ხარჯვის პრიორიტეტების შესწავლა არის.

კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი - 56% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ან უკვე დაწყებულია, ან უახლოეს 6 თვეში დაიწყება ფინანსური კრიზისი.

"ამ პროგნოზს ფონად გასდევს უარყოფითი შეფასებები პირად მატერიალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით: ბოლო 6 თვის განმავლობაში მოსახლეობის 36%-ის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. როგორც ჩანს, შიში ეკონომიკური მომავლის მიმართ არ არის მხოლოდ თეორიული მოლოდინი, არამედ ეს განცდა უკვე არსებულ რეალობასაც ეფუძნება. მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აშკარად ჩანს ეკონომიკური გამოწვევები: მოსახლეობის 47%-ს უჭირს კვებისთვის აუცილებელი პროდუქტების ყიდვა, ხოლო 55%-თვის გამოწვევას წარმოადგენს წამლებისა და სამედიცინო მომსახურების შეძენა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ფინანსური რესურსების შეზღუდვა კრიტიკულად ეხება ადამიანის ყოველდღიურ, ბაზისურ საჭიროებებს. ეკონომიკური სირთულეების ფონზე, განსაკუთრებულად აქტუალური ხდება იმის გარკვევა, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და ვინ უნდა იყოს ძირითადი აქტორი მისი გამოსწორების პროცესში.

მოსახლეობის 44% ცხოვრების პირობების გაუარესებაზე პასუხისმგებლად მთავრობას მიიჩნევს. ეს ტენდენცია ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოება ხელისუფლებას აღიქვამს, როგორც მთავარი გადაწყვეტილებების მიმღებ სუბიექტს და ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების ძირითად განმაპირობებელ ძალას. ამავე დროს, 29% საკუთარ თავზეც იღებს პასუხისმგებლობას და აღნიშნავს, რომ არსებულ სიტუაციაში წვლილი მათაც მიუძღვით.

საბოლოოდ, ნათლად იკვეთება, რომ მოსახლეობაში არსებობს ეკონომიკური დაღმასვლის მოლოდინი, რაც გავლენას ახდენს მათ ფინანსურ გეგმებსა და ხარჯვით პრიორიტეტებზე. მთავარი აქცენტი კეთდება საარსებოდ მნიშვნელოვან საჭიროებებზე, ხოლო შედარებით არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიმართულებები — როგორიცაა მოგზაურობა, დასვენება, გართობა — ნაკლებად პრიორიტეტული ხდება", - წერია ACTR-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

 

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 800 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 17-23 მარტის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი