საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს მხარი არ დაუჭირა ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩოქვანის საჩივრის მოსმენასა და სხდომაზე მათ დაშვებას.
„ჩვენ გამოგიგზავნეთ, ნახავდით, ალბათ, თხოვნას, თუ წინადადებას, რომ მოგვესმინა, იცით, არსებობს საჩივარი გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მათ მოგვმართეს ჩვენ, სამეურვეო საბჭოს სამმა წევრმა მოგმართეთ თქვენ, რომ ეს საკითხები შემოგვეტანა დღის წესრიგში. როგორც მე გავიგე, მათ თქვენ არ მიეცით საშუალება და არ არის დაშვებული საშვები, რომ გამოხატონ თავიანთი კანონიერი უფლებიდან გამომდინარე პოზიციები“, - მიმართა ბორდს ლაშა ტუღუშმა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა.
ბორდის სხდომა დატოვა ჟურნალისტმა ლიკა- ბასილაია შავგულიძემაც - "გისურვებთ სანქციების კარგად შერგებას...თქვენ ხართ უკანონო თავიდან ბოლომდე, ადამიანის უფლებების დამრღვევები და პასუხს აგებთ საქართველოს წინაშე, როცა მოვა ამის დრო და ეს დრო აუცილებლად მოვა." - მიმართა ბასილაია-შავგულიძემ საბჭოს წევრებსა და მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინა ბერძენიშვილს, რომელიც სხდომას ესწრებოდა.
ამის შემდეგ ბორდის თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძემ ბერძენიშვილს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ტუღუშთან და ბასილაია-შავგულიძესთან სამომავლო მუშაობა ძნელად წარმოუდგენია:
"მე მინდა ბოდიში მოგხადოთ სამეურვეო საბჭოს სახელით. მე მგონია, რომ სრულიად ანომალიური მოვლენაა, როდესაც სამეურვეო საბჭოს წევრები ემუქრებიან მენეჯმენტს სანქციებით...მე არ ვიცი როგორ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა სამომავლოდ" თქვა მაღლაფერიძემ.
სამეურვეო საბჭოს წევრების მხრიდან სანქციებზე საუბარს "არაკორექტული" უწოდა და მუქარად შეაფასა ბორდის კიდევ ერთმა წევრმა, ბონდო მძინარაშვილმა.
"მაღლაფერიძემ კიდევ ერთხელ დაარღვია კანონი. მე და ნინო ზაუტაშვილი ვასაჩივრებთ მენეჯმენტის გადაწყვეტილებას სამსახურიდან გაშვებაზე. ორივემ კანონის შესაბამისად მოვითხოვეთ დასწრება და პოზიციის დაფიქსირება. კანონით საბჭო ვალდებულია განსახილველი საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მოქალაქე დაუშვას სხდომაზე. კანონის შესაბამისად მივმართეთ საბჭოს და მაღლაფერიძე არ გვაძლევს დასწრების შესაძლებლობას. მოკლე ჭკუა და მოკლე ფეხები ! მშიშარა და მხდალი კაცუნების ქცევა!!!" - დაწერა დღეს სოციალურ ქსელში ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
თინა ბერძენიშვილს მადლობები უხადა ბორდის წევრმა ბელა ოსიპოვამ - "საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა ახალი გადაცემა "ხალხური" , რომელმაც უკვე მოახდინა ფურორი. ამ გადაცემისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. პირველივე გადაცემიდან ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანით" - მიმართა მან დირექტორს.
ბერძენიშვილი შეაქო გია მურღულიამაც: "ძალიან მოხარული ვარ მე იმით, რაც ვიხილე ეკრანზე, "ხალხურის" გამოჩენით, თიკო. ჩვენი ეთერი უნდა იყოს გაჯერებული ჩვენი კულტურით, ჩვენი ცივილიზაციური მიღწევებით"...
ბორდის წევრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ახალ შენობაში გადასვლის გამო. აჭარის წარმომადგენელმა კი იმედი გამოთქვა, რომ ახალ შენობაში ისინიც გადავლენ - "აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შენობასაც გადმოსდებოდეს ეს ამბავი" - თქვა მან.
სამეურვეო საბჭოს მიმდინარეობის პარალელურად, მაუწყებლის შენობასთან შეიკრიბნენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და განცხადება გაავრცელეს. ისინი საეთერო დროის დათმობას ითხოვენ.