თბილისის პოლიციის დეპარტამენტი პოლიციელთა კვებაში გამარტივებული შესყიდვით 100 000 ლარის დახარჯვას გეგმავს.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პოლიციის დეპარტამენტი განმარტავს თუ რატომ გახდა საჭირო გამარტივებული შესყიდვა:
„ქ. თბილისში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ხორციელდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა. თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შეუფერხებლად განხორციელებისათვის (თანამშრომლებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სამოქმედო ტერიტორიაზე დგომა) აუცილებლობას წარმოადგენს განხორციელდეს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილე თანამშრომლების კვება.
სატენდერო პროცედურების დასრულებას ესაჭიროება კანონმდებლობით დადგენილი ვადები [..] შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს კი დაუყოვნებლივ ტენდერის პროცედურების დასრულებამდე ესაჭიროება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილე თანამშრომლების კვება, რაც იწვევს შესყიდვის გადაუდებელ აუცილებლობას.
ვინაიდან თანამშრომლებს დიდი ხნის განმავლობაში უწევთ სამოქმედო ტერიტორიაზე დგომა, კვებითი მომსახურების გარეშე შსს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ვერ შეძლებდნენ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას რაც დაუშვებელია.
ღონისძიებაში მონაწილე თანამშრომელთა კვებითი უზრუნველყოფის შეფერხება დაუშვებელია, შეფერხდება საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ღონისძიების სრულყოფილი განხორციელება, რაც ცუდად იმოქმედებს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებზე.“ - აღნიშნულია პოლიციის დეპარტამენტის განმარტებაში.
შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ განცხადება განხილვის ეტაპზეა და საბოლოო თარიღი 2 მაისია.