ოკუპირებული ცხინვალის КГБ-მ "სუს-თან თანამშრომლობის ბრალდებით" ჯავის მკვიდრი დააკავა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (КГБ) "საქართველოს სუს-თან თანამშრომლობის ბრალდებით" 51 წლის კაცი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცნობილია, რომ დაკავებული ჯავის რაიონის მკვიდრია, თუმცა მისი ვინაობა არ სახელდება.

"როგორც სახელმწიფო საწარმოს თანამშრომელი, იგი ინარჩუნებდა სტაბილურ კონტაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებსაც გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკაში განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტების, მათი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში (უკრაინაში) გამგზავრების, ასევე სამხრეთ ოსეთში არსებული შიდა პოლიტიკური ვითარების შესახებ", - ამბობენ КГБ-ში.

დაკავებულის წინააღმდეგ 21 აპრილს "დაიწყო გამოძიება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც სახელმწიფო ღალატს გულისხმობს".

ადგილობრივი მედიის ცნობით, "დაკავებული ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს".

როგორც მედია წერს, "დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოვლინდა კიდევ 5 პირი, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკონტაქტებოდა". КГБ-ს მტკიცებით, ისინი სუს-ს აწვდიდნენ ინფორმაციას ოკუპირებულ რეგიონში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, თუმცა მათი დაკავება არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, ვერ მოხდა და მხოლოდ გაფრთხილება მისცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი