ფონდების წარმომადგენელთა სახლებში ჩატარებულ ჩხრეკა-ამოღება | რა დაირღვა?

გამოქვეყნდა:

საია ეხმიანება ფონდების წარმომადგენელთა სახლებში ჩატარებულ ჩხრეკა-ამოღებას და იმ დარღვევებზე წერს, რომლითაც პროცესი წარიმართა: 

"2025 წლის 8 თებერვალს ორგანიზაცია ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს’’ მიმართვის საფუძველზე  საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, დაიწო გამოძიება საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე.  2025 წლის 17 მარტს საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში დააყადაღა - ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს , ა(ა)იპ „ფროსფერითი“-ს, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირცხვილია“, ასევე, უფლებადაცვითი ორგანიზაციის, ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშები და მათზე არსებული ფულადი სახსრები.  

29 აპრილს დილის საათებში ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძის, გელა ხელაიას, ლაშა არველაძისა და უფლებადამცველ ალეკო ცქიტიშვილის ფაქტობრივ საცხოვრებელსა ან/და რეგისტრირებულ მისამართებზე ჩატარდა ჩხრეკა-ამოღება. მოგვიანებით საქართველოს პროკურატურამ გააკეთა განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებთან ერთად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩხრეკა-ამოღება ჩატარდა სასამართლოს მიერ განჩინების გაცემიდან 3 კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, რაც საგამოძიებო მოქმედების მყისიერებას და საგამოძიებო მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ პირობებში, როდესაც, რიგ შემთხვევაში 29 აპრილს ჩხრეკის პროცესს არ დაასწრეს ადვოკატები. საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცავები საცხოვრებელ სახლებში უკვე შესულები იყვნენ და საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული ჰქონდათ, მანამ სანამ მოქალაქეები სრულად გაეცნენ განჩინებას და მათთან მივიდნენ ადვოკატები. მეტიც, მარიამ ბაჯელიძის განცხადებით, საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა მოატყუეს, რომ იყვნენ მეზობლები. 

ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული იქნა ტელეფონები და კომპიუტერები. სამართალდამცავები არა მხოლოდ უკრძალავდნენ ადვოკატის გარეშე მყოფ მოქალაქეებს ჩხრეკა-ამოღების გადაღებას, არამედ, როდესაც პირები ითხოვდნენ ახსნას თუ რომელი ნორმით იყო აკრძალული გადაღება, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებდნენ. მარიამ ბაჯელიძის ლაივ ტრანსლაციაში ჩანს, რომ ყველა საგამოძიებო უწყების თანამშრომელს არ ჰქონდა სამხრე კამერა. მეტიც, ვიდეოში ჩანს, თუ, როგორ გადაადგილდება ერთ-ერთი მათგანი სხვა ოთახში მარიამის თანხლებისა და სამხრე კამერის გარეშე. 

გარდა ამისა, სასამართლოს განჩინებაზე მითითებით სამართალდამცველები ითხოვდნენ ტელეფონების გადაცემას. გავრცელებულ ვიდეოებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს განჩინებები ზოგადია და არ განუსაზღვრავს საგამოძიებო უწყებას ტელეფონის ამოღების უფლებას.  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები. ის, რომ ტელეფონი შეიძლება იყოს ინფორმაციის შემცველი საგანი, ეს ობიექტურად განჭვრეტადი და შეცნობადია საგამოძიებო უწყებისთვის, ამიტომ, საიას მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, განჩინებაში პირდაპირ უნდა იყოს მითითება გაკეთებული ტელეფონის ამოღებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ამოღებულ ტელეფონებში შეიძლება ინახებოდეს პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (როგორიცაა, მაგალითად საადვოკატო ან ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია), რაც განსაკუთრებით დაცული მონაცემია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე, რელევანტური საერთაშორისო ხელშეკრულებებით (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით). 

იმის გათვალისწინებითაც, რომ 1 თვეზე მეტია გასული ფონდების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებიდან და ანგარიშების დაყადაღებიდან, 29 აპრილს, დილით, ხსენებული პირების სახლებში მისვლა და ჩხრეკა-ამოღების ჩატარება „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს და იგი ობიექტურად მიმდინარე გამოძიების პრეზუმპციითაც კი ვერ შეფასდება როგორც მიზანშეწონილი საგამოძიებო ღონისძიება. " აცხადებს საია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი