მხოლოდ 2025 წლის პირველ 4 თვეში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 85-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული ასეთივე შემთხვევა აღრიცხა. ამის შესახებ საუბარია TI-ის მიმოხილვაში, რომელიც პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა და რომელშიც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი ქართული მედია, ამ დღეს ისეთი გამოწვევებით ხვდება, როგორიცაა არსებობის ეგზისტენციალური საფრთხე და გადარჩენისთვის ბრძოლა.
"მიმდინარე წელს, კვლავაც გრძელდება 2024 წლის საგანგაშო ტენდენცია, რა დროსაც, მედიის წარმომადგენლების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. მხოლოდ 2025 წლის პირველ 4 თვეში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 85-ზე მეტი საჯაროდ დაფიქსირებული ასეთივე შემთხვევა აღრიცხა.
ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლების გახშირებული შემთხვევების პარალელურად, განსაკუთრებით სახიფათო ტენდენციად ყალიბდება მმართველი ძალის მხრიდან სამართალდამცველი და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზება და მათი ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენება, რაც ძირითადად მათ უკანონო დაკავებებსა და დაჯარიმებაში ვლინდება. 2025 წელს, დაფიქსირებული შემთხვევების 40% (33) სწორედ ასეთია. აღნიშნული ანგარიში სწორედ ამგვარ მაგალითებს მიმოიხილავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მედიის წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის მანკიერი გამოყენების პრაქტიკა 3 ძირითად მიმართულებად დაყო: ჟურნალისტების უკანონო დაკავება; ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება ან/და სამართალდამრღვევად ცნობა; ჯარიმები „გზის გადაკეტვისთვის“. აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია მსგავსია სხვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ მიღებული ზომებისა, როდესაც თავისუფალი მედიის წარმომადგენლები რეპრესიების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენენ. მათ შორის, აქტიურად გამოიყენება ქვეყანაში არსებულ საშუალო შემოსავლის დონესთან არაადექვატურად მაღალი ჯარიმები, რაც, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბელარუსი და რუსეთი ეფექტიან ინსტრუმენტებად იქნა გამოყენებული ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვისა და, ზოგადად, საპროტესტო ტალღის ჩასახშობად.
ჟურნალისტების უკანონო დაკავება
განსაკუთრებით საგანგაშოა 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს, პროევრუპული საპროტესტო აქციის დროს ონლაინგამოცემების - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, ჯერ ადმინისტრაციული, მოგვიანებით კი - სისხლის სამართლებრივი წესით უკანონო დაკავება და წინასწარი პატიმრობის მისჯა. გამოძიება მას სამართალდამცველზე თავდასხმას ედავება და მას 4-7-წლამდე პატიმრობა ემუქრება. არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციის მოწოდების მიუხედავად, იგი ამ დრომდე უკანონო წინასწარ პატიმრობაში რჩება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მზია ამაღლობლის საქმეში აშკარა პოლიტიკური მოტივები გამოკვეთა, რაც ცხადად ვლინდება მის ჯერ უკანონო დაკავებაში, შემდეგ კი - უკვე წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად მისჯაში. ნათელია, რომ „იგი ისჯება არა იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი საშიშროების შემცველი ქმედება ჩაიდინა, არამედ იმისთვის, რომ წლების განმავლობაში ამხელდა რეჟიმს კორუფციასა და სხვა უკანონო ქმედებებში ჩაბმულობის გამო“.
12 იანვარს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას დააკვეს ასევე „ბათუმელების“ ოპერატორი, გურამ მურვანიძე, რომელსაც მოგვიანებით, სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მას გამოძიება სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში მკაფიოდ ჩანდა, რომ იგი დაკავების მომენტში, პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
19 თებერვალს, ძალადობრივად და უკანონოდ დააკავეს, „ტელეკომპანია პირველის” ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი, რა დროსაც იგი პროევროპული საპროტესტო აქციიდან შინ ბრუნდებოდა. არაიდენტიფიცირებადი, შავებში გამოწყობილი პირები ჯიოშვილს, სავარაუდოდ, საპროტესტო აქციიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისადმი კრიტიკული შინაარსის ბანერის გამო აედევნენ. დაკავებისას, ჯიოშვილი აცხადებდა, რომ მისთვის ჯიბეში რაღაცის ჩადებას ცდილობდნენ. მოგვიანებით, იგი სასამართლომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 2 500 ლარით დააჯარიმა.
6 აპრილს, თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს სიახლოვეს „გადამოწმების მიზეზით“ გააჩერეს და „პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის“ მოტივით ასევე უკანონოდ დააკავეს გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი, საბა სორდია. მიუხედავად იმისა, რომ დათვალიერებისას, სორდიას სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და განუმარტა, რომ იგი ჟურნალისტი იყო, წინასწარი დაკავების იზოლატორში მაინც გადაიყვანეს და იქ ყოფნის ვადაც 48 სთ-მდე გაუხანგრძლივეს. მოგვიანებით, სასამართლომ იგი 2 500 ლარით დააჯარიმა.
1 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ Facebook პოსტით პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბაბით 3 000 ლარით დააჯარიმა „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი.
ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება ან/და სამართალდამრღვევად ცნობა
10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა გამოცემა „მთის ამბების“ დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი, ასევე „ქუთაისი პოსტის“ ორი ჟურნალისტი - ეკა კუხალაშვილი და ხვიჩა ვაშაყმაძე. გამოძიება მათ, სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან არასანქცირებული მიტინგის გამართვას ედავებოდა, სადაც ისინი მოსამართლის მიერ მზია ამაღლობლის სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას აპროტესტებდნენ.
სასამართლომ დამკვიდრებულ პრაქტიკად აქცია იმ ჟურნალისტების სამართალდამრღვევებად გამოცხადებაც, რომლებიც საპროტესტო აქციებისას თავად გახდნენ სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. მაგალითად:
10 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სიტყვიერი გაფრთხილება მისცა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს, სერგი ბარამიძეს, რომელისაც 2024 წლის 19 ნოემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ და უკანონოდ დააკავეს.
17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ასევე სამართალდამრღვევად ცნო გამოცემა „პუბლიკას“ რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი. საუბარია 2024 წლის 29 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ქეშელაშვილი პროფესიულ საქმიანობის განხორციელებისას სპეცრაზმელებმა უკანონოდ დააკავეს და სასტიკად სცემეს. მას სახის მიდამოში ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა.
ჯარიმები „გზის გადაკეტვისთვის“
კიდევ ერთი მავნე პრაქტიკა, რომელიც წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამკვიდრა, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, გზის გადაკეტვის საბაბით ჟურნალისტების 5 000 ლარით დაჯარიმებაა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2025 წლის 1 იანვრიდან დღემდე 20-ზე მეტი ასეთი შემთხვევა აღრიცხა. ზოგიერთ შემთხვევაში, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ერთი და იგივე ჟურნალისტი რამდენჯერმეც კი დააჯარიმეს. მაგალითად, გამოცემა „OC Media-ს“ ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს უკვე 4 ასეთი ჯარიმა გამოუწერეს. მართალია, დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, ჟურნალისტური საქმიანობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ, სამინისტრო ამგვარი საქმეების წარმოებას წყვეტს, თუმცა ადმინისტრაციული ჯარიმების მასობრივი გამოწერა მსუსხავი ეფექტის მატარებელია და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მისი მიზანი ერთგვარი თვითცენზურის დაწესებაა, რათა საბოლოო ჯამში, დაჯარიმების თავიდან აცილების საბაბით, ჟურნალისტებმა პროფესიულ საქმიანობაზე უარი თავადვე თქვან.
დამოუკიდებელი მედიის მიმართ გახშირებული ძალადობის შემთხვევებისა და გაძლიერებული ღია რეპრესიების ფონზე, კიდევ უფრო მკაფიოა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა და დამნაშავეთა დაუსჯელობა, რაც ამგვარ შემთხვევებს კიდევ უფრო ახალისებს. მთლიანობაში, ჟურნალისტების დევნის პრაქტიკა „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც ქვეყანაში თავისუფალი ველის სრულად მოსუფთავება და გაქრობაა. მიუხედავად ამისა, ქვეყნისთვის ამ გარდამტეხ მომენტში, ქართული დამოუკიდებელი მედია აქტიურად იბრძვის ძალადობრივი სისტემის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და მწირი რესურსებით ოპერირობის პირობებშიც კი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს საზოგადოების ჯეროვან ინფორმირებას და სამთავრობო პროპაგანდის საპირწონე, ალტერნატიული საინფორმაციო ველის შექმნას. რის ხელშეშლასაც „ქართული ოცნება“ სხვადასხვა რეპრესიული კანონებით ცდილობს.“- აღნიშნულია TI-ის განცხადებაში.