"კრიტიკული მედიის როლი და გამოწვევები არადემოკრატიულ ქვეყანაში" - ამ თემაზე ქუთაისის მერიის წინ, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა საჯარო საუბრები გამართეს.
მედიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში მიღებულმა კანონებმა კრიტიკული მედია მარწუხებში მოაქცია და ნაწილი დაიხურა, მეორე ნაწილი კი დახურვის პირასაა.
საჯარო საუბრებზე გაჟღერდა, რომ საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ მედია მოსახლეობის მთავარი მოკავშირეა.
"დღეს კრიტიკული მედიის საქმიანობა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშეა. პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა, ფინანსური წნეხი, პოლიტიკურად მართული დეზინფორმაცია და სარეკლამო ბოიკოტები — ეს ყველაფერი არის მექანიზმები, რომლითაც ცდილობენ კრიტიკული სიტყვისა და თავისუფალი გამოხატვის ჩახშობას. ჩვენ, ჟურნალისტები, ყოველდღიურად ვაწყდებით დაბრკოლებებს — საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვას, ძალადობრივ რიტორიკას და ზოგჯერ პირდაპირ მუქარებს. მიუხედავად ამისა, ჩვენი მთავარი მიზანია საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდება. კრიტიკული მედია უნდა დარჩეს მტკიცე, მიუხედავად იმისა, რომ მას თავისუფლების ფასი ყოველთვის ძვირი უჯდება. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც არჩევანს სიმართლესა და პასუხისმგებლობაზე აკეთებს," - განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი ვაჩიბერაძემ.
ცნობისთვის ქუთაისში 158-ე დღეა, მოსახლეობა ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს.