"ადიგენის მერიასთან დაკავშირებულმა 15-მა პირმა მუნიციპალიტეტის შესყიდვებით 2 მლნ ლარზე მეტი მიიღო" | TI

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" (TI) ინფორმაციით, ადიგენის თვითმმართველობის ათამდე თანამშრომლის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა, 2017-2025 წლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვებით 2 189 863 ლარი მიიღეს, აქედან 1 713 942 ლარი (78.2%)  პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით დაერიცხათ.

ასევე ორგანიზაციის ცნობით, არის შემთხვევები, როდესაც ძმა ძმის შესრულებულ სამუშაოებს ისე იბარებს, რომ  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არ უთითებს.

"ადიგენი მცირებიუჯეტიანი მუნიციპალიტეტია. მისი საკუთარი შემოსავლები  2021-2025 წლებში 9-დან 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მცირე თანხებს ადიგენის მუნიციპალიტეტი მისი გარემოცვის 15 პირს, ძირითადად პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით უნაწილებს. 

  • მერის, გოჩა ქიმაძის შვილის ბიზნესპარტნიორი  - 105 919 ლარი

ადიგენის მერის, გოჩა ქიმაძის შვილს, გიორგი ქიმაძეს რევაზ ათანელიშვილმა კუთვნილი შპს „ელევენ ქონსთრაქშენი“ 2023 წლის 25 მაისს აჩუქა და დირექტორადაც დანიშნა. თუმცა, მანამდე, 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის მარტში, ამ კომპანიამ ადიგენის მერიის ორი ტენდერი სატვირთო და თვითმცლელი მანქანების შესყიდვაზე, ჯამში 71 400 ლარით მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კომპანია მერის შვილის საკუთრება არ იყო, გიორგი ქიმაძე კომპანიაში ფიგურირებს. 2022 წლის სატენდერო დოკუმენტების მიხედვით იგი რევაზ ათანელიშვილის მინდობილი პირია. 

2024 წლის 2 ოქტომბერს, გიორგი ქიმაძემ შპს „ელევენ ქონსთრაქშენის“ დირექტორად დავით მიქაუტაძე დანიშნა. მას შემდეგ, დავით მიქაუტაძემ, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, ადიგენის მერიიდან 34 519 ლარის 4 პირდაპირი შესყიდვა მიიღო. 

დავით მიქაუტაძეს, სულ 2023-2025 წლებში 23 პირდაპირი შესყიდვა აქვს მიღებული და ყველა ადიგენის მერიიდან, ან მისი იურიდიული პირებიდან, ჯამში, 107 582 ლარზე.  

  • მერის გოჩა ქიმაძის ბიძაშვილის მეუღლე - 261 690 ლარი

ადიგენში, სოფელ ლელოვანში მცხოვრები ზურაბ ქურციკიძე მეწარმედ 2024 წლის აპრილში დარეგისტრირდა. ზურაბ ქურციკიძის მეუღლე, ნინო ქიმაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა ქიმაძის და სოფელ ბულაჯურში, მერის წარმომადგენლად 2021 წელს დანიშნული ჯემალ ქიმაძის ბიძაშვილია (სამივე ძმების შვილები არიან). 

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ ზურაბ ქურციკიძეს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებიდან 7 თვეში, 2024 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით, სამშენებლო სამუშაოებზე, 12 სახელმწიფო შესყიდვა გაუფორმა და ქურციკიძემ ჯამში 261 690 ლარი მიიღო. აქედან ორი მოგებეული ტენდერით 33 415 ლარი დაერიცხა 10 პირდაპირი შესყიდვით კი - 228 275 ლარი. 

  • "ოცნების" დეპუტატი, ჯაბა ხოზრევანიძე და მისი ბიცოლა - 197 114 ლარი 

ჯაბა ხოზრევანიძე ადიგენის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატია ზანავის თემიდან. საკრებულოში შესვლიდან 2024 წლის ჩათვლით, მან ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ტრანსპორტით მომსახურებისთვის 9 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო, ჯამში, 57 791 ლარი. მას ეს თანხა უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა (7 ტენდერი 57 109 ლარზე) და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. 

2021 წელს, ზანავში, მეწარმედ დარეგისტრირდა მერი ბარამიძე. იგი, ჯაბა ხოზრევანიძის ბიძის, თამაზ ხოზრევანიძის  მეუღლეა. მერი ბარამიძემ ზანავსა და მის თემში, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოს შესასრულებლად 2021-2024 წლებში 11 პირდაპირი შესყიდვა მიიღო, ჯამში, 139 323 ლარზე. 

  • უდეს რწმუნებულის,  შოთა ყულიჯანიშვილის ბიძა და სიდედრი - 476 017 ლარი 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს რწმუნებულად შოთა ყულიჯანიშვილი 2022 წელს დაინიშნა. ამავე წელს დარეგისტრირდა ინდივიდუალურ მეწარმედ მისი ბიძა (დედის ძმა) ფრიდონ თათოშვილი. თათოშვილმა 2022-2024 წლებში, ადიგენის მერიის 19 სახელმწიფო შესყიდვით, 368 153 ლარი მიიღო. აქედან 316 294 ლარი (85.9%) პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. 

2023 წლის აგვისტოში დარეგისტრირდა მეწარმედ შოთა ყულიჯანიშვილის სიდედრი ნანული აფრიამაშვილიც. მან 2023-2024 წლებში, ადიგენის მერიის 5 სახელმწიფო შესყიდვით, 107 864 ლარი მიიღო. აქედან, 4 პირდაპირი შესყიდვით, 69 834 ლარი (64.7%) დაერიცხა. 

სულ, უდეს რწმუნებულის ბიძასა და სიდედრს, 2022-2024 წლებში, 476 017 ლარი დაერიცხათ და აქედან 386 128 ლარი (81.1%) პირდაპირი შესყიდვებითა და უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებით. 

  • ზედუბნის ყოფილი რწმუნებულის, ასლან ბერიძის დის ოჯახი - 492 021 ლარი 

2015-2022 წლებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბნის რწმუნებულის, ასლან ბერიძის სიძემ (დის, მაყვალა ნადირაძის ქმარმა) 2019-2024 წლებში, ადიგენის მერიის შესყიდვებით 116 849 ლარი მიიღო. აქედან, 2022-2024 წლებში, 2 უკონკურენტოდ მოგებული ტენდერით 32 306 ლარი, 2019-2023 წლებში კი 11 პირდაპირი შესყიდვით 116 849 ლარი დაერიცხა. 

გელა ნადირაძის მამა, ვაჟა ნადირაძე,  2016-2020 წლებში, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“  ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი კოპაძის ბიუროს წევრი იყო ადიგენში. 

ვაჟა ნადირაძემ, 2022-2025 წლებში, ადიგენის მერიის 21 შესყიდვით 375 172 ლარი მიიღო. აქედან 166 604 ლარი (44.4%) უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხა. 

ჯამში, ნადირაძეების ოჯახმა 2019-2024 წლებში ადიგენის მერიიდან 492 021 ლარი მიიღეს და აქედან 283 453 ლარი (57.6%) უკონკურეტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხათ. 

  • წახანის ყოფილი რწმუნებულის, ნუგზარ კარკაძის შვილი და ძმა - 183 873 ლარი

ნუგზარ კარკაძე 2014 წლიდან 2017 წლამდე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანში რწმუნებული იყო. 2017 წლის ადგილობრივი თვიმმართველობის არჩევნებზე ადიგენში „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობდა. მისი შვილი, გურამ კარკაძე ინდივიდუალურ მეწარმედ 2016 წელს დარეგისტრირდა და ძირითადად სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში, 2017-2024 წლებში, უკონკურენტოდ მოგებული ტენდერითა და 5 პირდაპირი შესყიდვით,  69 772 ლარი მიიღო. 

ნუგზარ კარკაძის ძმამ, ელგუჯა კარკაძემ, 2018-2022 წლებში, ადიგენის მერიის 10 სახელმწიფო შესყიდვით 114 101 ლარი მიიღო. აქედან, უკონკურენტოდ მოგებული 4 ტენდერით 36 455 ლარი დაერიცხა, დანარჩენი კი 6 პირდაპირი შესყიდვით.  

ნუგზარ კარკაძის ოჯახის წევრებმა, 2017-2024 წლებში, სულ 184 873 ლარი მიიღეს. აქედან 106 227 ლარი (57.4%)  უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით დაერიცხათ. 

  • "ოცნების" დეპუტატის, ბადრი ვაშაყმაძის შვილი - 87 405 ლარი

ადიგენის საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, ბადრი ვაშაყმაძის შვილმა, ნუგზარ ვაშაყმაძემ, 2022-2024 წლებში, ადიგენის მერიის 9 სახელმწიფო შესყიდვით, 87 405 ლარი მიიღო. 

ნუგზარ ვაშაყმაძე მეწარმედ 2021 წლის 22 დეკემბერს, მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც მამა ადიგენის საკრებულოში მმართველი პარტიიდან შევიდა. მას ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე, 8 პირდაპირი შესყიდვა 79 405 ლარზე გაუფორმა, ერთი უკონკურენტოდ მოგებული ტენდერით კი 8 000 ლარი დაურიცხა. 

  • ქონების მართვის სამსახურის  უფროსის, ვაჟა გუტაშვილის  ძმა - 78 845 ლარი

ადიგენის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ვაჟა გუტაშვილი ადიგენის მერიის შესყიდვების მიღება-ჩაბარების კომისიის წევრად 2023 წლის ოქტომბრიდან ჩნდება. ამ პერიოდიდან 2024 წლის ჩათვლით, მისმა ძმამ, მამუკა გუტაშვილმა ადიგენის მერიის 6 სახელმწიფო შესყიდვით 78 845 ლარი მიიღო. აქედან ერთი პირდაპირი შესყიდვითა და ერთი უკონკურენტოდ მოგებული ტენდერით 35 150 ლარი (44.4%) დაერიცხა. 

ძმის შესრულებული ყველა სამუშაო (CMR240122328, NAT240008365, NAT240003212, NAT230017160, NAT230014529), როგორც მიღება-ჩაბარების სამუშაო ჯგუფის წევრმა,  ვაჟა გუტაშვილმა ჩაიბარა. ის, ამავე მიღება-ჩაბარების აქტებში უთითებს, რომ არ იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში მიმწოდებელთან. მიუხედავად იმისა რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით, ძმა ახლო ნათესავია. 

  • გუბერნატორის ყოფილი მოადგილის, ავთანდილ კაჭკაჭაშვილის შვილი - 255 996 ლარი

ავთანდილ კაჭკაჭაშვილი 2014-2015 წლებში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე იყო, მანამდე კი ადიგენში „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობდა. ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 2021 წლის აგვისტოში, 20 000 ლარი შესწირა. მისი კომპანიების შესაძლო კორუფციულ სახელმწიფო შესყიდვებზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2020 წელს წერდა. 

ავთანდილ კაჭკაჭაშვილის  შვილს, გოგა კაჭკაჭაშვილს ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ, 2022-2025 წლებში, 9 სახელმწიფო შესყიდვით, ხელშეკრულებები 255 996 ლარზე გაუფორმა. აქედან უკონკურენტოდ მოგებული ტენდერებითა და პირდაპირი შესყიდვებით 233 288 ლარი (91.1%) დაერიცხა. 

  • ვარხნის ყოფილი რწმუნებული, ვიქტორ მინაძე - 50 983 ლარი

ვიქტორ მინაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში რწმუნებულად 2014-დან 2020 წლამდე მუშაობდა. მან, 2024 წელს ადიგენის მერიის 3 პირდაპირი შესყიდვით 44 023 ლარი მიიღო. მის მეუღლეს, მთვარისა მინაძეს კი ადიგენის მერიისა და მისი იურიდიული პირების 7 პირდაპირი შესყიდვით, 2018-2024 წლებში, 6 960 ლარი დაერიცხა." - წერს TI-ი. 

ორგანიზაცია დასკვნის სახით აღნიშნავს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების ერთგვაროვნება და მათი რაოდენობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს არარის უბრალო დამთხვევა. როგორც ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ფული საკუთარ და საკუთარი გარემოცვის ჯიბეში ჩაიდონ და ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი