საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელი განცხადების მიხედვით, არხის მენეჯმენტმა 30 აპრილს გადაცემა "რეალური სივრცის" თანამშრომლებს აცნობა, რომ გადაცემის საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება. შესაბამისად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაცემის გუნდის წევრებს სხვადასხვა გადაცემებზე გადანაწილება შესთავაზა.
გადაცემა "რეალური სივრცის" გუნდის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ უარს ამბობენ მენეჯმენტის შეთავაზებაზე და შესაბამისად საზოგადოებრივი მაუწყებელი მათთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს.
"30 აპრილს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გადაცემა "რეალური სივრცის" გუნდს წერილობით აცნობა შემდეგი გადაწყვეტილება: "იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა, აღნიშნული ტოქშოუს წამყვანთან და სახესთან, ნინო ზაუტაშვილთან, ხსენებული ტოქშოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება", ამავე დოკუმენტიდან ვარკვევთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის სურვილია, დაშალოს "რეალური სივრცის" გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა, თუ გადაცემაზე.
ჩვენ შემოგვთავაზეს მუშაობ გავაგრძელოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, ვებგვერდზე, პრომოუშენის დეპარტამენტში, მუსიკალურ გადაცემაში. ჩვენ არ ვაკნინებთ მაუწყებლის არცერთ შემოქმედებით რედაქციას, ან გადაცემას, მაგრამ აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, რომ გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერცერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი კეთების გამოცდილება და კვალიფიკაციაც აქვს. არ აკეთოს გადაცემა, რომელიც, ვფიქრობთ, ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, რომელიც პირდაპირ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ფუნქციას, ისმოდეს საზოგადოების ხმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
"რეალური სივრცე" 12 წლის წინ შეიქმნა, ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მიზანი იყო, რომ ადამიანებსა და მათ მიერ დაქირავებულ სახელმწიფო მოხელეებს შორის თანასწორი დისკუსიის შესაძლებლობა და ველი შეგვექმნა. გადაცემის არსებობის 12 წლის თავზე შეგვიძლია თამამად და ამაყად ვთქვათ, რომ თითქმის არ არსებობს მწვავე სოციალური თემა, რომლისთვისაც პირდაპირი ეთერი არ დაგვითმია. შეიძლება უკლებლივ ყველა მოქალაქეს ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის კართან იდგა ვერ დავუთმეთ სივრცე, მაგრამ რაც 12 წლის განმავლობაში ასობით გადაცემამ დაიტია იმდენი ადამიანთა ჯგუფის, ქალაქის, სოფლის, თუ დაბის პრობლემა მოვისმინეთ ჩვენ და მოვიტანეთ თქვენამდე. ჩვენ სამუშაო ოთახთან მოსასვლელად მოქალაქეს არ სჭირდებოდა საშვი.
მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით, ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა, იმ კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომელსაც შეინახავს ამ არხის საქმის წარმოების დეპარტამენტი, დახურა 12 წლიანი ისტორიის გადაცემა "რეალური სივრცე" და უკანონოდ გაუშვა მისი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი.
ჩვენ ვრჩებით მათ [საზმაუს მცველების] გვერდით და გარედან არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ საზოგადოებამ ბოლოს და ბოლოს მიიღოს ნამდვილი თავისუფალი საზოგადოებრივი მაუწყებელი. სოლიდარობა და თავისუფლება ჩვენ კოლეგას მზია ამაღლობელს..." - განაცხადეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "რეალური სივრცის" თანამშრომლებმა.