სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებული ნიკა ბასილაძის საქმეზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას და კამერების ჩანაწერს აქვეყნებს.
როგორც პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ნიკა ბასილაძეს მიმართ "რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება".
"გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. N2 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2024 წლის 20 აგვისტოს. იგი განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან 2024 წლის 25 აგვისტოს, ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით, ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება, საპირფარეშოდან გამოსვლისთანავე დაკარგა გონება და თავი დაარტყა იატაკს, რა დროსაც მიიღო თავის ქალის მრავლობითი დაზიანება. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია ელექტრონული მეთვალყურეობის საშუალებით.
ნ.ბ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მყისიერად ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და იგი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, ქ. ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო სამედიცინო კვლევების შედეგად გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისად, იმავე დღეს - კლინიკა „ვივამედში“.
2024 წლის 4 ნოემბერს შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილ იქნა N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიეწოდებოდა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი საგამოძიებო დანაყოფი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2024 წლის 25 აგვისტოდან აწარმოებს გამოძიებას და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების მიმდინარეობისას ნ.ბ.-ს ოჯახის წევრებს და მის უფლებადამცველს არაერთხელ მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მათ შორის, მათთვის ხელმისაწვდომი იყო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით მოპოვებული კადრები.
2025 წლის 23 აპრილის ბათუმის საქალაქო სასამართლომ ნ.ბ. ცნო დამნაშავედ სსკ-ის 19-108 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.
სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო პერსონალი. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისთანავე მსჯავრდებულს გადაუვადა სასჯელის მოხდა გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე, რის საფუძველზეც ნ.ბ. გათავისუფლდა N18 სამკურნალო დაწესებულებიდან", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 წლის ნიკა ბასილაძე და მისი ოჯახი ქუთაისის ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ბასილაძე, 8 თვიანი მკურნალობის შემდეგ, კლინიკა "ვივა-მედიდან" 10 დღის წინ გაწერეს, თუმცა ახალგაზრდა კაცი დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება.