შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რათა ქვეყნიდან მოხდეს იმ უცხოელის გაძევება, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს.
როგორც დარახველიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "დიდია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული".
დარახველიძე ამბობს, რომ დაკავებული უცხოელების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ პატიმრობას იყენებენ, თუმცა გაძევების მექანიზმი არ არსებობდა.
"შესაბამისად, ეს მუხლი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქვეყანაში დესტრუქციის მიზნით შემოდიან, გამოყენებული იყოს ღონისძიება - ქვეყნიდან გაძევება და გარკვეული ვადით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება იყოს დაცული. ამ პირების გარკვეული რაოდენობა ქვეყანაში აქციების წინა დღეებში შემოვიდა. ეს ფაქტი შეიძლება დამატებითი კითხვის ნიშნებს აჩენდეს. ეს ადამიანები გარკვეულ პირებს დესტრუქციული ქმედებებისკენ აქტიურად მოუწოდებდნენ.
ორგანიზაციული ნაწილი რომ გამოკვეთილიყო, მათ მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგებოდა. დიდია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული. მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ კონკრეტული პირების დაკავება და ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება დაიწყო, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.
სამწუხაროდ, საქმეს ართულებდა ის, რომ იმის მიუხედავად, რომ კონკრეტული პირების მიმართ 10-15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება მოხდა, მათ საქართველოში უვიზოდ დარჩენის ერთწლიანი ვადა ჰქონდათ. შესაბამისად, ამ ადამიანების მიმართ გაძევების პროცედურა ვერ დავიწყეთ. იყო შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ანჩისხატის ეკლესიას კვერცხები დაუშინეს, რამაც საზოგადოებაში დიდი აგრესია გამოიწვია. ადმინისტრაციული კუთხით მნიშვნელოვანია ისეთი დარღვევები როგორიცაა წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციის დაუმორჩილებლობა, შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევა. ეს ის შემთხვევებია, რასაც აქციის მონაწილეები პოლიციის და სახელმწიფოს მიმართ იყენებენ. ასე რომ, თუ ჩვენ ეფექტური მექანიზმები გვექნება, დესტრუქციული ქმედებებს პასუხს გავცემთ. ეს აქციებში მსგავსი ძალების ჩართვის პრევენციას შეუწყობს ხელს", - განაცხადა დარახველიძემ.
ამავე თემაზე: