ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელი მიხაილ სოცკი დღეს, იმ მაღაროელების ნაწილს შეხვდა, რომლებიც 28 თებერვლის შემდეგ საპროტესტო აქციებს მართავენ.
"მეგობრებო, მოგეხსენებათ, დღეს მღვიმევის მაღაროზე გვესტუმრა მიხაილ სოცკი — ჭიათურის საწარმოების მმართველი.
მან ადგილზე გამოთქვა სურვილი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შემდგარიყო.
შევხვდით, ვისაუბრეთ, მოვუსმინეთ ერთმანეთს, გავცვალეთ მოსაზრებები და დავგეგმეთ ოფიციალური შეხვედრა, რომელსაც ჩვენი და კომპანიის იურისტები დაესწრებიან.
შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება." ნათქვამია ინფორმაციაში.
“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ცნობით კი, ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოების აღდგენის პროცესი დაიწყო და სამუშაოების განახლება მღვიმევის მაღაროდან დაიწყება, სადაც დილიდან უკვე საწყისი ეტაპით გათვალისწინებული აღდგენა – გადამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც სოცკი აცხადებს, მიწისქვეშა მოპოვებითი სამუშაოები, აღდგენითი სამუშაოების შემდეგ დაიწყება, რაც ხუთ დღეს გაგრძელდება.
კომპანიის ინფორმაციით, მღვიმევის მაღაროში სამუშაო პროცესი 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით წარიმართება. განახლებულ საშტატო სტრუქტურაში დასაქმებული მაღაროელები გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ. მაღაროში დასაქმდნენ ის ადამიანები, რომლებმაც რეორგანიზაციის ფარგლებში განაცხადი შეავსეს და გასაუბრება წარმატებით გაიარეს.