სარჯველაძის მტკიცებით, თირქიამ სამინისტროსგან ოპერაციის დაფინანსებაზე უარი "კლინიკის პერსონალის შეცდომის გამო" მიიღო

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, საპროტესტო აქციაზე დაშავებულმა ალექსი თირქიამ სამინისტროსგან ოპერაციის დაფინანსებაზე უარი "ერთ-ერთი კლინიკის ექიმის თუ მათი პერსონალის დაუდევრობის გამო" მიიღო.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, "შეცდომის გამო" თირქიას განაცხადი დაფინანსებასთან დაკავშირებით არასწორად აიტვირთა პროგრამაში, თუმცა თუ განცხადება სწორედ აიტვირთება, ახალგაზრდა დაფინანსებას მიიღებს.

"ამ კონკრეტულ ჯერზე, რაზეც ეს აჟიოტაჟი იქნა ატეხილი, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უბრალოდ, კლინიკის შეცდომის გამო არასწორად აიტვირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რაც არასწორი იყო. ეს გადასარევად იცის თვითონ კლინიკამ და ამ წესით არ ფინანსდება. ამიტომ, მოვუწოდებდი, ასე დაუდევრად პაციენტების ინფორმაციას ნუ მოეპყრობიან კლინიკებში. [...] სწორად განაცხადი როგორც შემოვა, როგორც აქამდე იყო, ისე გაგრძელდება. ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ რეალურად ეს პიროვნება კონკრეტულად მიიღებს დაფინანსებას", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

შეგახსენებთ, რომ ალექსი თირქია გასული წლის 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავდა. მას სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ის რამდენიმე კვირის განმავლობაში, ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობდა. 

ცნობისთვის, გუშინ, ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციის დარბევისას მძიმედ დაშავებულ ალექსი თირქიას თვალის ოპერაციისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი უთხრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი