"თავისუფლების მოედნის" წევრის, დავით ჯინჭარაძის ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ლონდონის საფონდო ბირჟასთან ერთად ლონდონში საინვესტიციო ფორუმს მართავს, სადაც საელჩომ "ყველა მათთვის ცნობილი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი სტუმართა სიიდან ჩახსნა".
როგორც ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს, რამდენიმე ადამიანი დარეგისტრირებული იყო, რათა "ოცნების" წევრებისთვის კითხვები დაესვათ, თუმცა მათ მიუვიდათ წერილი, სადაც რეგისტრაციის ჩახსნის მიზეზად დამსწრეთა დიდი რაოდენობაა მითითებული.
"მნიშვნელოვანი განცხადება — არაღიარებული მთავრობა ლონდონის საფონდო ბირჟასთან ერთად ლონდონში საინვესტიციო ფორუმს მართავს. უნდათ, დააჯერონ ბრიტანელებს, რომ საქართველოში სანდო საინვესტიციო გარემოა. ფორუმს ესწრებიან "ქართული ოცნების" მთავრობის წევრი მინისტრები, მათ შორის ლევან დავითაშვილი. უცხოელებიდან მხოლოდ საფონდო ბირჟის 1 წარმომადგენელი და EBRD-ის ყოფილი წარმომადგენელი, პენსიაზე მყოფი კაცი, დაითანხმეს.
რამდენიმე ადამიანი დავრეგისტრირდით და ვაპირებდით კითხვების დასმას დავითაშვილისთვის — როგორ აპირებს ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი; როგორ აპირებს დალაგებას ბრიტანეთთან, თუ ამის წინ ამერიკაში იყო და ვერ დალაგდა ტრამპის ადმინისტრაციასთან, და რაც მთავარია — როგორ უნდა მოიზიდოს ინვესტიციები ქვეყანაში, სადაც ბიზნესმენებს პოლიტიკური ნიშნით იჭერენ ან ქვეყნიდან გაქცევას აიძულებენ? დამსწრეთა სიას დღეს გადახედა საქართველოს არალეგიტიმურმა საელჩომ ბრიტანეთში და ყველა მათთვის ცნობილი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი ჩახსნა სტუმართა სიიდან.
მოგვივიდა წერილი, სადაც რეგისტრაციის ჩახსნის მიზეზად მითითებულია დამსწრეთა დიდი რაოდენობა — თითქოს რიგებში დგებიან ბრიტანელი ინვესტორები საქართველოში ფულის დასაბანდად.
რა თქმა უნდა, საელჩოს ამ ბინძური სვლის მიუხედავად, გვექნება პრინციპული პროტესტი გარეთ. ყველას მოვუყვებით, რეალურად რა გარემოა საქართველოში. არალეგიტიმურმა საელჩომ უნდა იცოდეს, რომ მალე დამთავრდება მათი ლონდონში თარეში საქართველოს მოქალაქეების გადასახადების ხარჯზე. ისინი არ წარმოადგენენ არავის, ივანიშვილის გარდა და არ აქვთ არანაირი დიპლომატიური წონა ლონდონში. მოვუწოდებ იმ ქართველ ბიზნესმენებს, ვინც ამ ფორუმს ესწრებიან, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. შესაძლოა, ყველა ბიზნესმენი არ იყოს ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერი - მაგრამ ამის დასაფიქსირებლად მკაფიო პოზიცია და ნაბიჯებია საჭირო", - წერს ჯინჭარაძე.
ფორუმზე სიტყვით გამოვლენ შემდეგი ქართველი ბიზნესმენები:
გიორგი ჩიქოვანი, დირექტორი - Georgian Oil & Gas Corporation
გიორგი მეგრელიშვილი - Chief Financial Officer – TBC Bank
არჩილ გაჩეჩილაძე - CEO of Lion Finance Group and Bank of Georgia
ზაზა ბაკურაძე - დირექტორის მოადგილე, LLC Peri
სამსონ ფხაკაძე - პრეზიდენტი, JSC Wissol Petroleum Georgia
ნიკოლოზ ხიდურელი - Group CFO, LLC Tegeta Motors
ფორუმი 16 მაისს არის დაგეგმილი.