მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები და სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც სოლიდარობის კრიმინალიზაციაში მონაწილეობენ | TI-ს ანგარიში ფონდების დევნაზე

გამოქვეყნდა:

როგორ ისჯება ადამიანების დახმარება საქართველოში: სოლიდარობის ფონდების დევნაზე ანგარიშს აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და წერს, რომ  ამ ზომებს არაფერი აქვთ საერთო სამართალთან და მართლწესრიგის დაცვის ამოცანებთან. "მათი მიზანია ნებისმიერი პროტესტის აღმოფხვრა, მიუხედავად მისი მშვიდობიანი და კონსტიტუციური ხასიათისა, და აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა შორის სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების სურვილის ჩახშობა სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების გზით" - წერს TI.

ორგანიზაციის განცხადებით, იკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც საზოგადოებისთვის საგანგაშო თუ არა, საყურადღებო უნდა იყოს:

პროკურატურის შეხედულებით მთლიანად საპროტესტო მოძრაობა და არა ცალკეული ფაქტები, რომლებიც თავისთავად დაუსაბუთებელია, წარმოადგენს „საბოტაჟის მცდელობას“ და „უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას;“ 

პროტესტის მონაწილეთათვის მატერიალური დახმარების გაწევა წარმოადგენს „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას“;

ფონდების მხრიდან განხორციელებული დანაშაულებრივი საქმიანობის ნიშნებად მიჩნეულია პროტესტის მონაწილეების „რესპირატორებით, სპეციალური აირწინაღებით, ჩაფხუტებით და სხვა საშუალებებით მომარაგება“, „მათთვის და მათი ოჯახის წევრებისათვის მატერიალური დახმარების გაწევა“ და მათ სასარგებლოდ „ჯარიმების გადახდა“.

სამოქალაქო პროტესტისა და პროტესტის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევისთვის ამგვარი კვალიფიკაციის მინიჭებით ივანიშვილის პროკურატურა ფაქტობრივად სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აცხადებს ნებისმიერ საპროტესტო მოქმედებას და პროტესტის მონაწილეებისათვის დახმარების გაწევას, მათ შორის, ისეთსაც კი, როგორიცაა პოლიციელთა უკანონო ძალადობისგან არაძალადობრივი თავდაცვის საშუალებების მიწოდება და ჯარიმების გადახდა."

ორგანიზაცია ასკვნის, რომ აღნიშნულ საქმეებში ცალსახად იკვეთება ივანიშვილის და მმართველი პარტიის ინტერესი და გამოძიებას არ აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული ფონდები და კონკრეტული პირები ჩართულები არიან სისხლის სამართლის დანაშაულში

"ყველა საპროცესო მოქმედება, რომელიც აქამდე ჩატარდა დამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში გახდებოდა საქმის შეწყვეტის საფუძველი. 

აღნიშნული საქმეების დაწყებას წინ უსწრებდა ანტიდასავლური და პროსასახელისუფლებო პროპაგანდისტული მედიების მიერ (“იმედი”, “პოსტვ”, საზოგადოებრივი მაუწყებელი, “რუსთავი 2”) წარმოებული დისკრედიტაციის კამპანიები. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ამ დისკრედიტაციის კამპანიების ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს.   ცალსახაა, რომ ივანიშვილი და მმართველი პარტია, გარდა იმისა, რომ ცდილობს ჩაახშოს მოქალაქეთა საპროტესტო მოძრაობა, ახდენს ერთმანეთის მიმართ მოქალაქეთა სოლიდარობის დე ფაქტო კრიმინალიზაციას. საზოგადოებაში სურთ დანერგონ აზრი, რომ სახელმწიფოს მიერ უსამართლოდ დევნილი და დაჩაგრული ადამიანისათვის დახმარების გაწევა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. 

აღნიშნული საქმეები მმართველი პარტიის და ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია. ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე “გამოძიების” სამართლებრივ საფუძვლებსა და კანონიერებაში არცერთ ინსტიტუტს არ შეუტანია ეჭვი, მათ შორის, არც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და არც სახალხო დამცველის აპარატს.  აშკარაა, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო და ინსტიტუტი - სასამართლო, პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვ. ივანიშვილის და მმართველი პარტიის მსახურებაშია." წერს TI.

ორგანიზაცია იმ პირებსაც ასახელებს, რომლებიც მონაწილეობენ სოლიდარობის კრიმინალიზაციაში:

მოსამართლეები

  • მზია გარშაულიშვილი
  • ნანა შამათავა
  • გიორგი მიროტაძე

გენერალური პროკურატურის თანამშრომლები

  • პროკურორი ლაშა კოტრიკაძე
  • გმს უფროსი გამომძიებელი დავით ბაინდურაშვილი
  • გმს გამომძიებელი ნინო ლოლაძე 
  • გმს გამომძიებელი გიორგი ნიქაბაძე 
  • გმს გამომძიებელი გოჩა სათაშვილი 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები 

  • ლაშა მოსიძე
  • არჩილ მადიაშვილი 
  • შოთა კოკორაშვილი 
  • ირაკლი ობოლაშვილი 
  • აკაკი ქორქაშვილი
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი