მედია: ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის სარემონტო სამუშაოებისთვის დაქირავებულ მუშებს ხელფასს არ უხდიან; უშუქობის გამო, საგანგებო სიტუაციაც შეიქმნა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებულ მუშებს ხელფასები არ გადაუხადეს, რის გამოც, სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. 

მედიის ცნობით, 15 მაისიდან მოყოლებული, სამშენებლო კომპანიების არც ერთი თანამშრომელი სამსახურში არ გამოცხადებულა. 

"გენერალური კონტრაქტორი ხელფასს არ იხდის, რადგან აეროპორტის მფლობელს დაახლოებით ორი თვის განმავლობაში თანხები არ გადაურიცხავს. კომპანიების თანამშრომლები უარს ამბობენ სამსახურში წასვლაზე, სანამ ხელფასის დავალიანება სრულად არ დაფარება." - წერს მედია.

წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, აეროპორტში არასტაბილური ენერგომომარაგების გამო, საგანგებო სიტუაციაც შეიქმნა - "საკონტროლო ოთახის ენერგომომარაგება, სადაც ფრენის მართვისა და თვითმფრინავების უსაფრთხო გადაადგილებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტები იმყოფებიან, მთლიანად გაითიშა. ასევე გაითიშა ასაფრენ ბილიკებზე გამოყენებული სიგნალიზაციისა და განათების სისტემები".

მეორე დღეს ხარვეზი აღმოიფხვრა, თუმცა, წყაროს ცნობით, მხოლოდ დროებით, რადგან "ავარიის სრულად აღმოსაფხვრელად მაღალი ხარისხის აღჭურვილობაა საჭირო“.

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტმა ეს ინფორმაცია უარყო და ამტკიცებს, რომ "სამგზავრო ტერმინალების მშენებლობა გრაფიკის მიხედვით გრძელდება; ყველა კონტრაქტორი ნორმალურ რეჟიმში მუშაობს; ელექტროენერგიის მიწოდების სისტემები ფუნქციონირებს შეფერხებების გარეშე; კონტრაქტორის წინაშე ვალდებულებები სრულად სრულდება"

შეგახსენებთ, სოხუმის აეროპორტში რუსეთმა რეგულარული ფრენები მაისიდან დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი