მტრული გარემო სამსახურში, მუქარა და შეურაცხყოფა | 7 საქმე, როგორ იქცა "რეფორმა" საჯარო უწყებებში პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად

გამოქვეყნდა:

"საჯარო სამსახურის „რეფორმის“ დამანგრეველი ეფექტი“ - როგორ იქცა ე.წ. რეფორმა პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად - ანგარიშს ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საია" აქვეყნებს და პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებული შეხედულებებისა და პროევროპულ აქციებში მონაწილეობის გამო, ასევე კონსტიტუციის 78-ე მუხლის მუხლის ერთგულებისთვის, სხვადასხვა საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლების შემთხვევებს ასაჯაროებს.

ანგარიშში მოცემულია 7 საქმე: 

საქმე N1:

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით, გათავისუფლდა აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტიდან. აღსანიშნავია, რომ მას შეთანხმებული ჰქონდა 2025 წლის სამუშაო გეგმა და მიმართულებები.

განსხვავებული/პოლიტიკური შეხედულების ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას ადასტურებს ისიც, რომ გათავისუფლებულ პირს არაერთხელ მოსთხოვეს, თავი შეეკავებინა პოლიტიკური შეხედულებების დაფიქსირებისა და სოციალურ ქსელში აქტიურობისგან. ბოლო შეხვედრაზე კი უთხრეს, რომ, თუ ამ მოთხოვნებს შეასრულებდა, ხელშეკრულებას გაუგრძელებდნენ.

საქმე N2:

პირი, რომელიც 35 წლის განმავლობაში დასაქმებული იყო სამცხე-ჯავახეთში მოქმედ ერთ-ერთ ა(ა)იპ-ში, სამსახურიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ, სათანადო სტაჟის მიუხედავად, მასთან ყოველ ჯერზე იდებოდა ერთწლიანი ხელშეკრულებები. ბოლო ხელშეკრულებაც დადებული იყო 1 წლის ვადით - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

დასაქმებული სამსახურიდან მის გათავისუფლებას ღია და საჯარო განცხადებების გამო დისკრიმინაციას უკავშირებს. იმავდროულად, ის იყო ერთ-ერთი ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სახალხო დამცველთან არსებული საბჭოს წევრი, რომლებმაც გააკეთეს საჯარო განცხადება და შეშფოთება გამოხატეს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე გაბატონებულ ძალადობაზე.

საქმე N3:

პირი დასაქმებული იყო ქ. თბილისის ერთ-ერთ ხელოვნების სკოლაში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე - 2018 წლიდან და საორგანიზაციო საინფორმაციო სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე - 2012 წლიდან. ასევე, მუშაობდა ფორტეპიანოს პედაგოგად. 2025 წლის 13 იანვრიდან სკოლაში დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი დაინიშნა.

დირექტორი დასაქმებულს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, ადანაშაულებდა სასწავლო პროცესის ჩაშლაში, დირექტორის მოადგილეობის პერიოდში შესრულებული დოკუმენტაციის შეუსაბამობებსა და მათ განადგურებაში. სკოლაში იბარებდა მოსწავლეთა ნაწილის მშობლებს და სხვა პედაგოგებთან გადასვლას სთავაზობდა.

იგი გაათავისუფლეს, მათ შორის, დისკრიმინაციული მოტივით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე განსხვავებული შეხედულების გამო. დირექტორისთვის ასევე მიუღებელი იყო დასაქმებულის სიარული საპროტესტო აქციებზე. ამის გამო, ის ემუქრებოდა დისციპლინური სახდელის სახით ჯარიმის გამოყენებით და მოუწოდებდა, მონაწილეობა აღარ მიეღო საპროტესტო აქციებში.

2025 წლის 3 თებერვალს, დირექტორის მოხსენებითი ბარათით, დისციპლინური სახდელის სახით, დასაქმებულს გამოეცხადა შენიშვნა, 2025 წლის 17 თებერვალს - საყვედური, 2025 წლის 19 თებერვალს - სასტიკი საყვედური, ხოლო 2025 წლის 24 თებერვალს გათავისუფლდა დირექტორის მოადგილის და საორგანიზაციო საინფორმაციო სამსახურის მენეჯერის პოზიციებიდან, ასევე, შეუწყდა ხელშეკრულება ფორტეპიანოს პედაგოგის პოზიციაზე. 

მოგვიანებით, 11 მარტს, დირექტორმა გათავისუფლების ბრძანებაში შეიტანა ცვლილება და ფორტეპიანოს პედაგოგის პოზიციიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება გააუქმა.

საქმე N4:

პირს, რომელიც დასაქმებული იყო თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში უვადო შრომითი ხელშეკრულებით, ხელი ჰქონდა მოწერილი საჯარო მოხელეების ერთობლივ განცხადებაზე ევროინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად.

სამინისტრომ ის თებერვალში გააფრთხილა, რომ მიმდინარეობდა რეორგანიზაცია და მას დაკავებული პოზიციიდან ათავისუფლებდნენ.

1-ლი მარტიდან მას შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა იმ დასაბუთებით, რომ, რეორგანიზაციის შედეგად, გათავისუფლდნენ ძირითადი უფლებამოსილებების განმახორციელებელი საჯარო მოხელეები, შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების (როგორც დამხმარე ფუნქციების შემსრულებლების) სამსახურში დატოვება აღარ იყო საჭირო. ამის მიუხედავად, იმ პოზიციაზე, რომელზეც გათავისუფლებული პირი მუშაობდა, შტატების რაოდენობა არ შემცირებულა. მეტიც, იმავე ფუნქციის განმახორციელებელ სხვა პირთან, რომელიც არ იყო საჯარო მოხელეების ერთობლივი განცხადების ხელმომწერი, შრომითი ხელშეკრულება არ შეწყვეტილა.

საქმე N5:

2025 წლის 27 იანვარს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ზოგიერთ სტრუქტურულ ერთეულში,  საშტატო-საორგანიზაციო ცვლილებების მიზნით, რეორგანიზაცია გამოცხადდა.

2025 წლის 27 თებერვლის ბრძანებით, რეორგანიზაციის საფუძვლით, პირი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი შეფასებით, გათავისუფლებას, მათ შორის, საფუძვლად უდევს დისკრიმინაციული მოტივი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მისი პოზიციების გამო, რომელიც თანხვედრაში არ არის გათავისუფლება-რეორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე პირების პოზიციებთან.

კანონით გათვალისწინებული წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ ადმინისტრაციული საჩივარი შინაარსობრივად არ განხილულა, ხოლო საპასუხო წერილში განმარტებულია: „გაცნობებთ, რომ თქვენი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს“.

საქმე N6:

პირი, რომელიც შემოსავლების სამსახურშია დასაქმებული, შსს-მ პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დააჯარიმა, ხოლო საჯარიმო ქვითარი სამსახურში გაუგზავნა. საჯარიმო ქვითარი მოთავსებული იყო კონკრეტულად ამ პირისთვის განკუთვნილ კონვერტში და ეწერა „კონფიდენციალური“.

ამის მიუხედავად, ის შემოსავლების სამსახურის კანცელარიის თანამშრომელმა გახსნა და, გარდა ადრესატისა, დააწერა სამსახურებრივი მონიტორინგის უფროსსაც.

საჯარიმო ქვითრის საფუძველზე, დასაქმებულის წინააღმდეგ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება. შემოწმების ფარგლებში, პირმა უარი განაცხადა წერილობითი ფორმით ახსნა-განმარტების მიცემაზე, თუმცა ზეპირსიტყვიერად განმარტა, რომ მონაწილეობდა მშვიდობიან საპროტესტო აქციაში,
მაგრამ არ ჩაუდენია არანაირი სამართალდარღვევა.

მის მიერ მიწოდებული ეს ინფორმაცია არასწორად ინტერპრეტირდა. მასალებში მითითებულია: „მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მან 2025 წლის 13 მარტს სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტში ზეპირსიტყვიერად აღნიშნა, რომ სისტემატურად მონაწილეობს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში საკანონმდებლო ორგანოს წინ, რუსთაველის გამზირზე, ხოლო რაც შეეხება მის მიერ 2025 წლის 7 თებერვალს საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, იგი აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს“.

შემოწმების შედეგად, მის მიმართ გამოყენებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - „გაფრთხილება“.

საქმე N7:

პირი, რომელიც დასაქმებული იყო თბილისის მერიაში, ეტაპობრივად ჩამოაშორეს ძირითად საქმიანობას, ხოლო შემდეგ გააუქმეს პოზიცია, რომელსაც იგი 10 წლის განმავლობაში იკავებდა.

მას მიაჩნია, რომ გათავისუფლება განპირობებული იყო დისკრიმინაციული მოტივით, მმართველი პარტიისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო. იგი ღიად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას აქციებსა და მედიასაშუალებებში საქართველოს ევროატლანტიკური კურსის საჭიროებაზე. ასევე, ხელი ჰქონდა მოწერილი საჯარო მოხელეთა საერთო განცხადებაზე. ამასთანავე, იგი აღნიშნავს, რომ მუშაობის ბოლო პერიოდში მის ირგვლივ შეიქმნა მტრული სამუშაო გარემო. განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო, უარყოფით დამოკიდებულებას გრძნობდა ზოგიერთი კოლეგის მხრიდან — თანამშრომლებმა, რომლებსაც მასთან უნდა შეეთანხმებინათ საქმიანობის სტრატეგია, აქციებში მონაწილეობის მიზეზით, მასთან ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტეს.

"საიას" ცნობით,  ათობით საჯარო სტრუქტურიდან, პოლიტიკური ნიშნით, 800-ზე მეტი თანამშრომელია გათავისუფლებული. მათ შორის, დაახლოებით, 150-მდე პირი გამოუშვეს თავდაცვის სამინისტროდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი