"წერილი ცეცხლაძემ დაწერა - ხელი მოაწერეს: კასრაძემ, კაძელაშვილმა, გორგაძემ, მიმინოშვილმა, ალიევმა, გოშაძემ, ჯავახიშვილმა - ასევე წერილი გააცნეს 11-კაციან ჯგუფს, საიდანაც რვამ მოაწერა ხელი" | ყურუა

გამოქვეყნდა:

ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, მან პოლიტპატიმარი ზვიად ცეცხლაძე მოინახულა, რომელმაც დაუდასტურა, რომ პოლიტპატიმრების ნაწილის სახელით გავრცელებული წერილი მან დაწერა.

"ზვიად ცეცხლაძე ვინახულე. მითხრა რომ წერილი მან დაწერა. საკანში მასთან ერთად სხედან ვალერი თეთრაშვილი, გურამ მირცხულავა და საბა ჯიქია, მათ საკანშივე მოაწერეს ხელი. 14 მაისს სასამართლოზე წასვლის დროს, ზვიადმა წერილი წაიღო, ტექსტს გაეცნო, მოიწონა და ხელი მოაწერა: ვეფხია კასრაძემ, ვასილ კაძელაშვილმა, გიორგი გორგაძემ, ირაკლი მიმინოშვილმა, ინსაფ ალიევმა (უთარგმნეს რუსულად), თორნიკე გოშაძემ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.

15 მაისს მისმა თანამესაკნეებმა გურამ მირცხულავამ და ვალერი თეთრაშვილმა წერილი იგივე ხერხით გააცნეს 11-კაციან ჯგუფს, საიდანაც რვამ მოიწონა და ხელი მოაწერა. ჩემი მიზანი იყო წერილის წარმომავლობის და ავთენტურობის გარკვევა, რაც გავარკვიე გიყვებით. კონსპირაციულ თეორიებს თუ აღარ ააგებთ კარგი იქნება", - წერს ყურუა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიტპატიმართა ნაწილმა საერთო განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი 26 მაისს საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მოწოდებით გამოდიოდნენ. ამასთან ოპოზიციას მოუწოდებდნენ მკაფიო პოზიცია დააფიქსირონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, წერილში ნათქვამი იყო: "ჩვენთვის, ასევე, მიუღებელია კონკრეტული პოლიტიკოსების ფოტოების გამოყენება პროტესტზე. ამორალური და შეუძლებელია წინა რეჟიმის სახე-ხატით დღევანდელი რეჟიმის დამარცხება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა თავი შეიკავონ ისეთი შინაარსის ბანერებისგან, რაც იწვევს პროტესტს წევრებს შორის, დისონანსს და პროტესტის დისკრედიტაციას. ასევე, მოვითხოვთ, რომ ოპოზიციამ მკაფიო უარი განაცხადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე". წერილი გუშინ "დაფიონმა" გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით ის წაიშალა. 

ერთ-ერთი პოლიტპატიმრის, ძმამ, თორნიკე ცხადაძემ დაწერა, რომ "არცერთი პატიმრის, არცერთმა ოჯახის წევრმა არ იცოდა ამ წერილზე". 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი