მზია ამაღლობელი: პრესის თავისუფლების დამცველი საქართველოში - ამ სათაურით მაკკეინის ინსტიტუტი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დევნისა და უკანონო პატიმრობის შესახებ მიმართვას ავრცელებს და დეტალურად მიმოიხილავს იმ ფონს, რაც ამაღლობელის დაკავებასა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას უძღოდა წინ.
2024 წლის არჩევნები, ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილების გამო დაწყებული უწყვეტი პროტესტი, დემონსტრანტების მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტები და ჟურნალისტების დევნა - ამ საკითხებზე მაკკეინის ინსტიტუტი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებებზე დაყრდნობით წერს, რომ კონკრეტული ჟურნალისტის დაპატიმრება პრესის თავისუფლებაზე თავდასხმაა და ამაღლობელი დაუყოვნებლივ, უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს:
"მზია ამაღლობელი, ქართველი ჟურნალისტი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების "ბათუმელებისა" და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, 2025 წლის 12 იანვრიდან უსამართლოდ არის დაპატიმრებული.
მზარდი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე სიმართლის გაშუქებისადმი მისი ერთგულება და „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო მოძრაობაში მუდმივი მონაწილეობა მას რეჟიმისთვის საფრთხედ აქცევდა.
2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ ყოფილა, „ქართულმა ოცნებამ“ უკანონოდ მოიწვია პარლამენტი, არალეგიტიმური პროცესის მეშვეობით დანიშნა ახალი პრეზიდენტი და საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან გამოთიშა.
ამან ქვეყნის მასშტაბით ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, რომელიც დღემდე გრძელდება. 500-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს და არსებობს ბრალდებები სულ მცირე 99 პირის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ. ამაღლობელის მსგავსი ჟურნალისტები რეჟიმის განსაკუთრებული სამიზნეები იყვნენ უკანონო დაკავებების, ასევე მედიის თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობის გამო...
ამაღლობელის დაპატიმრება არ არის მხოლოდ ერთი ჟურნალისტის წინააღმდეგ თავდასხმა - ეს არის თავად პრესის თავისუფლებაზე თავდასხმა. ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი (MDIF) და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, დაგმეს მისი დაპატიმრება, როგორც საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის პირდაპირი მცდელობა.
ამაღლობელის საქმე სიმბოლურად გამოხატავს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი მზარდ საფრთხეებს. მზია ამაღლობელის პატიმრობის ყოველი დღე, საქართველოში დარტყმას აყენებს თავისუფლებას. მსოფლიომ უნდა დაუჭიროს მხარი ამაღლობელს და მოითხოვოს მისი თავისუფლება." ნათქვამია მაკკეინის ინსტიტუტის განცხადებაში.