ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობში, მდებარე 17898 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შპს ნაროვანი ჰესს 49 წლის ვადით გადაეცემა, "ნაროვანი ჰესმა" ყოველწლიურად ამ ქონებაში 10 023 ლარი უნდა გადაიხადოს.
48 თვის ვადაში ამ ქონებაზე უნდა აშენდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს 0.5 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგური.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ნაროვანი ჰესისათვის აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ განკარგულება 14 მაისს კობახიძის ხელმოწერით გამოქვეყნდა.
შპს ნაროვანი ჰესი 2023 წლის მაისში დარეგისტრირდა. მის 100%-იან წილს სულხან პაპაშვილი ფლობს. დირექტორი კი ავთანდილ ჯორბენაძეა.
სულხან პაპაშვილი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი იყო 1998-2003 წლებში. შემდეგ კი კარიერა კერძო სექტორში, ბიზნესში განაგრძო. ბიზნესმენი და არაერთი კომპანიის მფლობელია მისი ძმა ლაშა პაპაშვილიც.