საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, გადაადგილების შეზღუდვა ეხება, როგორც პირად ავტომობილებს, ისე საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
"ფერხდება გადაადგილება გმირთა მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, ლეონიძის შესახვევში, კოტე აფხაზისა და პუშკინის ქუჩებზე. ასევე, დატვირთულია მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და კერძო ავტომობილებით გადაადგილებისას ისარგებლონ ალტერნატიული გზებით.
აქვე შეგახსენებთ, რომ 24 მაისს, 20:00 საათიდან ჩაიკეტება რუსთაველის გამზირის ნაწილი, გია ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთი. ამ დროს, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის პანდუსამდე და ჭანტურიას ქუჩამდე.
24 მაისის 14:00 საათიდან 27 მაისის 03:00 საათამდე, ავტოსატრანსპორტო შეზღუდვა შეეხება ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებს.რაც შეეხება დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, დღის განმავლობაში, გადაადგილება აიკრძალება თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე, ასევე, ათონელისა და ვეკუას ქუჩებზე.
ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება." აცხადებს მერია.