"ადვოკატთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს, სადაც ეხმაურება ინფორმაციას, რომ გუშინ საქალაქო სასამართლოში, ზურაბ ჯაფარიძის პროცესის პარალელურად მობილიზებული შსს-სა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები ხელს უშლიდნენ ადვოკატებს შენობაში შესვლაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეფერხებას, კანონდარღვევას წარმოადგენს.
"ასოციაციისათვის გახდა ცნობილი, 2025 წლის 22 მაისს, რამდენიმე ადვოკატს, სასამართლოს მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, არ მიეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა. ადვოკატთა განცხადებით, ამ პროცესში, ცალკეულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხებასა და უხეშობას, ეს ყოველივე კი წარმოადგენს ადვოკატთა უფლებების დარღვევას. გვსურს განვმარტოთ, რომ ადვოკატის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელება დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს, თავისუფლად იმოქმედოს და დაიცვას კლიენტის ინტერესები სასამართლოში ყოველგვარი დაბრკოლებისა და შეზღუდვის გარეშე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეფერხებას, წარმოადგენს კანონდარღვევას. შესაბამისმა სამსახურებმა, სასამართლოს ტერიტორიისა და შენობის უსაფრთხოების დაცვისას, პატივი უნდა სცენ ადვოკატებს და უზრუნველყონ მათი უფლებების სათანადოდ განხორციელების ყველა პირობა.
მოვუწოდებთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციას, მომავალში, რეზონანსული საქმეების გამო (თუ სხვა შემთხვევებში), უსაფრთხოების ზომების განხორციელებასთან ერთად, შექმნან ადვოკატების შეუფერხებელი საქმიანობის პირობები, მაგალითად, ადვოკატებისათვის ცალკე შესასვლელი, რათა ადვოკატებს ხელი არ შეეშალოთ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში და ამავე დროს, არ შეფერხდეს სხვა მიმდინარე სასამართლო პროცესები.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია კვლავაც ყურადღებით გააგრძელებს აღნიშნული საკითხის მონიტორინგს და გამოიყენებს ყველა სათანადო საშუალებას, რათა არც ერთ ადვოკატს არ შეეზღუდოს პროფესიული საქმიანობის უფლება, კანონით დადგენილ ფარგლებში", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პროცესი გაიმართა. პროცესის დაწყებამდე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს წარმომადგენლების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული - პოლიცია და მანდატურები მოქალაქეებს, სხვა პროცესებზე დამსწრეებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს სასამართლოს ეზოში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. სასამართლოს შენობაში ასევე იყო ხმაური.