ქალი მომიტინგეები ძალადობისა და გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების სამიზნეები ხდებიან - საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International წერს, რომ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, სულ უფრო ხშირად ისმის ქალების მიმართ სექსუალური ძალადობისა და ჩხრეკის მიზნით, მათი გაშიშვლების ბრალდებები:
"საქართველოში პოლიცია სულ უფრო ხშირად იყენებს გენდერულ ძალადობას, მათ შორის სექსისტურ შეურაცხყოფას, სექსუალური ძალადობის მუქარას და უკანონო და დამამცირებელ ჩხრეკას პროტესტში მონაწილე ქალების წინააღმდეგ, მშვიდობიანი მომიტინგეების დაშინებისა და დასჯის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში"- წერს Amnesty International დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამავე ანგარიშში ნათქვამია:
"საქართველოში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე, სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები - ქალების მიმართ სექსუალური ძალადობისა და პოლიციის უკანონო ჩხრეკისას ქალების გაშიშვლების შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა და მომიტინგეების დაშინება." წერს ორგანიზაცია.
Amnesty International-ის განცხადებით, აღნიშნული ძალადობები არა მხოლოდ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს სრულ გაშიშვლებას ჩხრეკის დროს, არამედ არღვევს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა კანონმდებლობასა და სტანდარტებს.
ანგარიშში მოყვანილია "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების საქმე:
"ოპოზიციის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, აღწერა, თუ როგორ ძალადობდა პოლიცია, გააშიშვლეს და აიძულეს შიშველი დაწოლილიყო იატაკზე 2025 წლის 28 მარტს დაკავების დროს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ოფიცრებმა არ მისცეს მას მედიკამენტებისა და ტუალეტის გამოყენების უფლება მას შემდეგაც კი, რაც მას განუვითარდა ჰიპერტენზია და ღებინება.
მოყვანილია სხვა მომიტინგეების ანალოგიური შემთხვევებიც. Amnesty International -ის ანგარიშში მოხვდა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეც.
"მზია ამაღლობელი, ცნობილი ჟურნალისტი, ორჯერ დააკავეს 2025 წლის 11 იანვარს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დროს. ორივე შემთხვევაში, იგი პოლიციის მხრიდან სექსისტური ძალადობის მსხვერპლი გახდა, სავარაუდოდ, ბათუმის პოლიციის უფროსი აფურთხებდა და ძალადობით ემუქრებოდა."- წერს ორგანიზაცია და აღნიშნავს, რომ პოლიციის არც ერთი მაღალჩინოსანი, მათ მიმართ გამოთქმული ბრალდებების მიუხედავად, არ დასჯილა და უფლებამოვალეობის შესრულებას აგრძელებს.